ახალი ამბები

რუსთავში კიდევ ერთი ძაღლი მოკლეს

27 ნოემბერი, 2014 • 2899
რუსთავში კიდევ ერთი ძაღლი მოკლეს

შემთხვევის თვითმხილველი თამარ გვიანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ რუსთავში შუადღისას გასროლის ხმა გაიგონა.

 

“ძაღლის ყეფა არ ისმოდა, გაისმა გასროლის ხმა. რომ მივტრიალდი, დავინახე, რომ პირი მანქანაში ჯდება, მანქანიდან აქვს გამოყოფილი რაღაც ნივთი, რომელიც გავს ლულას, როგორც ჩვენებაში ჩავწერე. ეს ძაღლი წაიქცა და მერე წკმუტუნით გაიქცა,“– განაცხადა მან.

 

თამარ გვიანიშვილი ამბობს, რომ ეს პირი მანქანაში მარტო იყო და შემთხვევის ადგილიდან მანქანით მალევე წავიდა; თუმცა წასვლამდე ამ პირს კითხა, თუ რატომ ესროლა ძაღლს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ძაღლი ცოფიანი იყო და ადამიანებს კბენდა. 

 

თვითმხილველის განცხადებით,  დარეკა პატრულში, რომელსაც ჩვენება მისცა. ის ამბობს, რომ შემთხვევას სხვა ადამიანებიც შეესწრნენ:

 

“მერე, როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანებს არაფერი უნახავთ და არაფრის ხმა გაუგიათ,“ – ამბობს გვიანიშვილი.

 

როგორც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში განაცხადეს, მოქალაქემ 26 ნოემბერს რუსთავიდან თავშესაფარში დარეკა და ძაღლის შესახებ აცნობა.

 

“ყბა ჰქონდა მოტეხილი, მაგის გარდა ძალიან ბევრი ჭრილობა ქონდა, ნაწამები იყო ძაღლი,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” თავშესაფარში.

 

კლინიკაში მიყვენის შემდეგ, როგორც თავშესაფარში აცხადებენ, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფოტო – თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდი
ფოტო – თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდი

 

როგორც თავშესაფრის Facebook გვერდზე არის ნათქვამი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაედოთ. მერიასთან მათ ძაღლის ცხედართან ერთად  ფურცლები წარწერით “კმარა რუსთავი!” დატოვეს.

 

“მერიასთან იმიტომ მიიტანეს მოკლული ძაღლი, რომ მერიამ რეაგირება მოახდინოს ამაზე, რადგანაც რუსთავში ძაღლზე ძალადობა ხშირად ხდება,“– განაცხადეს ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში.

ფოტო – თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდი
ფოტო – თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:

 

“ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის პოლიციის საქალაქო სამმართველო აწარმოებს წინასაგამოძიებო მოქმედებებს, რაც ჯერჯერობით არ ითვალისწინებს საქმის აღძვრას, რადგან უნდა დადგინდეს ეს ყველაფერი,“– განაცხადეს შსს–ში.

 

რუსთავში ძაღლის წამებასთან დაკავშირებით აქცია 1 ნოემბერსაც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები პროკურატურას მოუწოდებენ, რომ მკაცრად დაესაჯათ ახალგაზრდები, რომელთაც სექტემბრის ბოლოს რუსთავში ლეკვი აწამეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი