ახალი ამბები

4 წლის ბავშვის ცემის გამოძიების საქმეში პროკურატურამ დედა დაზარალებულად არ ცნო

26 ნოემბერი, 2014 • • 1124
4 წლის ბავშვის ცემის გამოძიების საქმეში პროკურატურამ დედა დაზარალებულად არ ცნო

თამუნას თქმით, გამოძიება ბავშვის ცემის მუხლით მიმდინარეობდა. 4 წლის ბავშვმა 26 სექტემბერს საბავშვო ბაღში ფიზიკური დაზიანებებები მიიღო.

 

“საქმეზე დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ საქმეზე მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამ ეტაპზე არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ არსებობს თქვენი დაზარალებულად ცნობის კანონით დადგენილი საფუძველი”,- ეს წერილი თამუნამ გუშინ, 25 ნოემბერს მიიღო.

 

მისივე თქმით, 2 თვეა გამომძიებელი არ უნახავს:

 

“გამოძიება, გამოდის, არ მიმდინარეობს”, – ამბობს ის.

 

თამუნა ითხოვს, რომ პროკურატურამ საქმის მასალები გადასცეს, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველის ოფისში მისვლას გეგმავს:

 

“მე დედა ვარ და ორი თვე ველოდი კანონით მიმეღწია სიმართლისთვის, ახლა უკიდურეს ზომებს მივმართავ, რომ საქართველოში ბავშვები იყვნენ დაცული, შევეწირები ამ ამბავს და მერე მიხვდებიან, რა ძნელია, დედა შვილის წინაშე დამნაშავედ რომ გრძნობს თავს. ვაპირებ ყველანაირი გზით მივაღწიო სიმართლეს საქართველოში, რომ ბავშვები იყვნენ დაცული. ვთხოვ ამოიღონ მასალები, სადაც პირდაპირ ყვება პედაგოგი, ყოველივეს როგორ უყურებდა და არ მიიღო ზომები”,- ამბობს თამუნა.

 

26 სექტემბერს 4 წლის ბავშვს ბაღში “სადუნი” პირადმა ფსიქოლოგმა და დეიდამ მიაკითხა. გვანცა ჩვამანია   ნეიოროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგი და ქცევის თერაპევტია, რომელიც დათოსთან უკვე თვეებია მუშაობს. სწორედ გვანცა იყო პირველი ადამიანი, ვინც 4 წლის ბავშვის სახეზე დაზიანებები შენიშნა.

 

“როცა შევედით, მასწავლებელი უკვე აღელვებული იყო, შეიძლება ჩემმა მისვლამ ააღელვა, ასეც შეიძლება მოხდეს. მე ვეკითხები, რა პრობლემა გაქვთ, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა მოვაგვაროთ, პასუხად ვიღებთ, რომ ისეთი არაფერი, ცოტა ზედმეტად დადის, რაც ნიშნავდა, რომ ბაღის 15-წუთიან გაკვეთილებზე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. ვუთხარი, რომ დავაკვირდებოდი, მას კი თავის საქმიანობა გაეგრძელებინა.  ვხედავდი, რომ ეს ბავშვი თავისით დადის, თამაშობს, ასეთ დროს ცდილობენ შენ მაინც დაგანახონ, რომ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ არავინ ამ ბავშვს ხელს არ კიდებს, თავისთვის თამაშობს. სხვა ოთახში გავიდა დათო, მოწყდა ბავშვებს. ვიფიქრე, თავიდან არ ჩავერევი, იქნებ ვინმემ გამოიყვანოს -არავინ. შემდეგ მე გავედი და გამოყვანისას დავინახე, რომ ტუჩზე მოსდის სისხლი, ეს რა არის-მეთქი, ვიკითხე და მასწავლებლის თანაშემწე, ძიძას ვისაც ეძახიან, გაოცებული ამბობს – ვაიმე, მე ხომ მოვბანე”,- განაცხადა ფსიქოლოგმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას სექტემბერში, როცა შემთხვევა მოხდა. 

 

შეკითხვაზე, რა მოხდა, გვანცამ საპასუხოდ 3 ვერსია მიიღო. პირველი ვერსიის თანახმად, არ იცოდნენ, რა მოხდა, შემდეგ უთხრეს, რომ ალბათ ბავშვმა თავისით დაიკაწრა თავი და ბოლო ვერსიის თანახმად, შესაძლო იყო ბავშვებს ეჩხუბათ და ერთმანეთი დაეკაწრათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი