ახალი ამბები

ივანიშვილი: მინისტრმა ალასანიამ საკითხი პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა

8 ნოემბერი, 2014 • • 927
ივანიშვილი: მინისტრმა ალასანიამ საკითხი პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა

“მაგრამ, მოდით, გავაკეთოთ მოვლენების შეფასება, როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ყველაფერი. ამის გარეშე ალბათ არ გამოგვივა. კრიზის მსგავსი რაღაც შეიძლება იყო რაღაც მომენტში, პრაქტიკულად დალაგებულია უკვე ყველაფერი. კითხვები აღარ რჩება. კოალიციაშიც იყო კრიზისი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა საერთო სახელისუფლებო კრიზისი.. თუმცა ამის ნიშნები იყო. მინისტრების თანამდებობის დატოვება ნორმალური მოვლენაა. ეს ხდება ხშირად ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი. ყველა მოვლენიდან უნდა ვისწავლოთ სწორი დასკვნების გამოტანა. ყველა მოვლენა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ის, რაც მოხდა, ამაში კარგი არაფერია, განსაკუთრებით- ახლო მომავალისთვის. როდესაც ყველაფერი დალაგდება და პასუხი გაეცემა ყველაფერს, მე ვფიქრობ, სტრატეგიულად ეს ქვეყანას არ დააზარალებს, და შეიძლება უკეთესიც იყოს. თუ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება, ამაში ცუდი არაფერია,”- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა “მოამბესთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრება მაშინ, როდესაც მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიასა და საფრანგეთში, გახდა საბაბი იმისა, რომ მათ დაპატიმრებას დაარქვეს პოლიტიკური.

 

“ამას დაემატა კიდევ პროკურატურის შემდგომი განცხადება მოწამვლებთან დაკავშირებით. სანამ ეს გაკეთდებოდა, მინისტრმა ალასანიამ პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პროკურატურასთან დაპირისპირება მოხდა, რაც ჩემი აზრით იყო შეცდომა. სწორი იქნებოდა, პროკურატურას თავადაც დახმარებოდა. პოლიტიკური სარჩული დაედო, რომ ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური ანგაჟირება მიდის. ეს რომ პოლიტიკურად ყოფილიყო ანგაჟირებული, რა პრობლემა იყო პროკურატურისთვის ალასანიას ჩამოსვლას დალოდებოდა. უნდა მიეჩვიოს ყველა, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს. საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირს, თუ არის კითხვები, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ინსტიტუტებს, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს. მოთმინებით უნდა დაველოდოთ და ხელი შევუწყოთ. სანამ გავაკეთებთ საბოლოო დასკვნებს, სასამართლოს უნდა დაველოდოთ.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი