ეკონომიკა

ბიუჯეტის ახალი ვერსიით თავდაცვის დაფინანსება იზრდება

6 ნოემბერი, 2014 • • 1670
ბიუჯეტის ახალი ვერსიით თავდაცვის დაფინანსება იზრდება

 ბიუჯეტის ახალ ვარიანტში თავდაცვის დაფინანსება 15 მლნ ლარით არის გაზრდილი.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტში, რომელიც პარლამენტში 2014 წლის 1 ოქტომბერს შევიდა, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 625,0 მლნ ლარი. 


“ნეტგაზეთის” შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 2015 წლის ბიუჯეტში თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების 35 მილიონით შემცირება, ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ასე უპასუხა:

 

“თავდაცვის სამინისტროს მოაკლდა რამდენიმე მიმართულება. საწარმო “დელტა” გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებაზე. ბუნებრივია, ეს თანხები მოაკლდა სამინისტროს ბიუჯეტს. ასევე, საგულისხმოა ის, რომ ISAF-ის მისიაში შემცირდა ქართული კონტიგენტის რაოდენობა. შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტს ეს ფულიც მოაკლდა. სხვა ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არ იგეგმება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჯარის დაფინანსება იყოს ღირსეული”, – ამბობს ფინანასთა მინისტრი.

 

2014 წელს [აპრილში დაზუსტებული მონაცემებით] თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 660 800 000 ლარი იყო. 2015 წლის ბიუჯეტის ახალ ვარიანტში თავდაცვის დაფინანსება 2014 წელთან შედარებით 20 მლნ ლარით ნაკლებია. 

 

თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის ბიუჯეტის 11%-ით გაზრდას ითხოვდა, რაც 2015 წლის ბიჯეტის პირველი ვარიანტის მიხედვით 73 მლნ. ლარს შეადგენდა.  

 

2015 წლის ბოუჯეტის ახალ ვერსიაში წარმოდგენილი დაფინანსება წინააღმდეგობაში მოდის ორ სამთავრობო დოკუმენტთან, რომლებიც “ქართული ოცნების” მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიმუშავა.

 

მაგალითად, დოკუმენტში – ,,თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“   საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გათვლებზე დაყრდნობით მოცემულია პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2015 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 770 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში – “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2014-2017 წლებისათვის” – წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ზღვრული მოცულობა 2015 წელს 700 მილიონით უნდა განსაზღვრულიყო.

 

საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი