ახალი ამბები

არასამთავრობოების განცხადება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე

4 ნოემბერი, 2014 • • 956
არასამთავრობოების განცხადება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე

“თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე რთულია, ამ ეტაპზე საქმეში დაინახო დანაშაულის ნიშნები. ვფიქრობთ, რომ ბრალის წარდგენისას პროკურატურას ბრალდებულთა წინააღმდეგ უფრო წონადი მტკიცებულებები და არგუმენტები უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, ნათქვამია განცხადებაში. 


არასმთავრობოები თვლიან, რომ ბრალდებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების უზრუნველყოფის, აგრეთვე, საქმისადმი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს მთავარ პროკურატურამ  საქმის მასალები ბრალდებულთა ადვოკატებს დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს. აგრეთვე უზრუნველყოს ამ მასალების საქართველოს შინაგან სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის მიწოდება; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ საიდუმლო მასალების განსაიდუმლოება იმგვარად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ მიადგეს ზიანი და, ამავე დროს, ხელი შეეწყოს გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის პროცესს და საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესის მონიტორინგში და პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის მსვლელობა.


28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის 5 პირი.  30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.  ბრალის წარდგენის დროს, იმ მოტივით, რომ პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ასლების გადაცემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, აგრეთვე, ბრალდებულთა ადვოკატებმა.


“სამწუხაროდ, დღემდე ირღვევა საქართველოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, პროკურატურა ვალდებულია საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს გადასცეს მტკიცებულებები. კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა ის გარემოება, რომ სასამართლოს ამ მნიშვნელოვან კანონდარღვევაზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო დაუშვებელ მტკიცებულებად ეცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არც ერთი მტკიცებულება არ გადასცემია. შესაბამისად, რადგან პროკურატურა და სასამართლო არღვევს კანონის ზემოთ მითითებულ მოთხოვნას, გრიფის მოხსნის შედეგად, როგორც მინიმუმ, შესაძლებელი გახდება ბრალდებულებმა სრულყოფილად ისარგებლონ დაცვის კონსტიტუციური უფლებით”, -ნათქვამია განცხადებაში. 


განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი


მასალების გადაბეჭდვის წესი