ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრები საქართველოს რეგიონებში

4 ნოემბერი, 2014 • 1003
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრები საქართველოს რეგიონებში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ასეთი ცენტრი უკვე შექმნილია და მას ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას თავად ზურაბ ირემაძე უარყოფს. მას ტელეფონით დავუკავშირდით.

 

 „მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მაქვს ამ ამბავთან კავშირი“, – ამბობს ის.

 

ხულოში მსგავსი ცენტრის შექმნას უარყოფს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.

 

ქობულეთის გამგებელს სულხან ევგენიძეს კი ქობულეთში მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ აქვს:

 

„რაღაც მსგავსი მსმენია, მაგრამ ვერ მოვასწარი გადამემოწმებინა, თუ რა ცენტრზეა საუბარი“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.  

 

ქედაში პრემიერ ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის შექმნის შესახებ იცის  მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ:

 

„ვიცი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არც ხელისუფლებასთან და არც პრემიერთან კავშირი არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი საქმიანობით არ დავინტერესებულვარ და არც ის ვიცი, ვინ ხელმძღვანელობს ორგანიზაციას.“

 

„პრემიერის მხარდამჭერთა ცენტრებზე ინფორმაცია დავით ხიზანიშვილთან უნდა გადაამოწმოთ. ცენტრების შექმნას მთელს საქართველოში ის ხელმძღვანელობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის გამგეობაში.

 

დავით ხიზანიშვილის განმარტებით, მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელისაც „საქართველოს ახალი დემოკრატები“ დაარქვა.

 

„როცა ორგანიზაცია დაფუძვდა იყო ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და პრემიერის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ამის შესახებ პრემიერმა არ იცოდა, ჩვენი სურვილით გავაკეთეთ. “

 

 რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას. დამფუძვნებლის თქმით, ორგანიზაციას ამ დროისთვის  დაფინანსება და შემოწირულობები არ აქვს: „და არც ქონია დაარსების დღიდან.“

 

დამფუძვნებელი არ ამხელს ინფორმაციას ორგანიზაციის მიზნებსა და მიმართულებებზე:

 

„ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე გავაცხადებთ ყველფერს.“

 

ორგანიზაციის დამფუძვნებელი ასევე აცხადებს, რომ ოფისების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება, თუმცა ჯერ ამ კუთხით მუშაობა არ დაუწყიათ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი