ახალი ამბები

პეტრიაშვილის და ფანჯიკიძის თქმით, ალასანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება

30 ოქტომბერი, 2014 • 922
პეტრიაშვილის და ფანჯიკიძის თქმით, ალასანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება

საქმე ეხება პროკურატურის მიერ ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ფაქტზე  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების – გიზო ღლონტის,  გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის, ნუგზარ კაიშაურისა და დავით წიფურიას დაკავებას. დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატის, გიორგი სამუშიას განცხადებით, ბრალდებულებს თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები თავდებად უდგებიან.

 

“დარწმულებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა, უბრალოდ არ მინდა მოვლენებს წინასწარ დავასწრო, ვაცალოთ მართლა გმოძიებას. თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის და მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავდებში უდგება თავის თანამშრომლებს, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ეს ამბავი, მე დადებითად გადავწყვეტდი, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და, იმედია, ეს არ იქნება ზეგავლენა,”– განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

 

ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ ალასანია წარმატებული მინისტრია და არ უნდა გადადგეს:

 

“ირაკლი ალასანია არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება, იგი არ უნდა გადადგეს, რადგანაც არის ძალიან წარმატებული მინისტრი და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეგფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. თავდაცვის მინისტრი ახლა ატარებს ძალიან წარმატებულ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და იგი არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი,”– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

29 ოქტომბერს მოდულის შენობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს მითვისება-გაფლანგვას. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი