ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს აქციას გეგმავს აფხაზეთის საკითხზე

25 ოქტომბერი, 2014 • 1148
ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს აქციას გეგმავს აფხაზეთის საკითხზე

აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ამ თემაზე პარტიის ლიდერებმა 25 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

 

“იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა, და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწვიტეთ ამა წლის 15 ნოემბერს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 25 ოქტომბერს.

 

მისი თქმით, აქციის  მიზანი იქნება ხმის მიწვდენა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის:

“ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწაწყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს, და არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდენ ამ აქციას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.  პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმების პროექტი გააკრიტიკეს სოხუმშიც. ის ასევე მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. 

“არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს ჩვენს კონსტუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს, აი, ასეთი ნაბიჯით” – განაცხადა ამ  საკითხის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ოქტომბერს.   პრეზიდენტმა აფხაზეთთან დაკავშირებით უშიშროების სხდომა მოიწვია, რომელიც 28 ოქტომბერსაა დანიშნული. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბრიფინგი 25 ოქტომბერს. ფოტო: ეკრანის ანაბეჭდი  ვიდეო მასალიდან
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბრიფინგი 25 ოქტომბერს. ფოტო: ეკრანის ანაბეჭდი ვიდეო მასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი