საზოგადოება

ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ პოლიციის დახმარება ვერ მიიღო

21 ოქტომბერი, 2014 • • 1260
ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ პოლიციის დახმარება ვერ მიიღო

“ესტონეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი და საქართველოში გათხოვდი. ამ წლების განმავლობაში ქმართან კონფლიქტი პერიოდულად მქონდა ხოლმე. ძირითადად, ეჭვიანობის ნიადაგზე. თავიდან მხოლოდ ყვირილი იყო, მერე კარის დამტვრევა, შემდეგ უშუალოდ ჩემ მიმართ იყო ფიზიკური ძალადობა, დაშინება. უკონტროლო ხდებოდა. ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც. ჩხუბის დროს ისროდა კიდეც, მაგრამ მე არ მიმიზნებდა. რამდენჯერმე ბალიშით შეეცადა ჩემს მოგუდვას. ამის პარალელურად მეუბნებოდა ხოლმე, რომ ვუყვარვარ და მერე ისევ მეორდებოდა ძალადობა. მთელი ეს წლები პოლიციას ვერ მივმართავდი, არ მქონდა არანაირი მტკიცებულება. არც ფიზიკური დაზიანებები, ვინმეს რომ დაეჯერებინა ჩემთვის. სამი კვირის წინ, როგორც იქნა, სახლიდან გამოვიპარე და შვილიც თან წამოვიყვანე. ესტონეთში, საკუთარ სახლში ვერ დავბრუნდები, ქმარი შვილის გაყვანის უფლებას არ მომცემს,”- ამბობს ის. 


ქალი ყვება, რომ სახლიდან წამოსვლის მეორე დღესვე დახმარებისთვის პოლიციას მიმართა: 

 

“ჩემი მიმართვის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს, გაესაუბრნენ და უკანონო იარაღის ტარების ფაქტზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მერე გაარკვიეს, რომ იარაღი მას კანონიერად ჰქოდა და ისევ დაუბრუნეს. ეს იყო და ეს. სხვა არაფერი გაუკეთებია პოლიციას. არც შემაკავებელი ოქმი გამოწერა.”


ქმართან განქორწინებისა და დამცავი ორდერის გამოწერის მიზნით მან სასამართლოს მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ამჟამად მისი [ქმრის] ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. 


“პოლიციას პერიოდულად ვთხოვ იპოვონ როგორმე, ან ძებნა გამოაცხადონ. იმალება სადღაც, ერთხელ ფეისბუქზე მომწერა და ისევ დაიკარგა. გარეთ მეშინია გასვლა, შვილს სკოლაში ვეღარ ვატარებ, სკოლაში არ მივიდეს და არ წაიყვანოს ბავშვი. მე აქამდე მასთან ერთად ვმუშაობდი ერთ კომპანიაში და როგორც გავარკვიე, გამათავისუფლა. ახლა ხან რომელ ნაცნობთან გვიწევს ცხოვრება და ხან რომელთან. ბავშვის ტანსაცმელი და სახელმძღვანელოებიც არ მაქვს თან. 


პოლიცია მეუბნება, რომ ძებნას ასე უსაფუძვლოდ ვერ გამოაცხადებენ. მაინცდამაინც უნდა მომკლან, რომ ადამიანი დამნაშავედ ჩათვალონ?”


ამჟამად იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მას და მის შვილს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი უწევს. 


“მთელი ეს პერიოდი ბავშვი სკანდალების მომსწრე და ძალიან შეშინებული იყო. მისი თანდასწრებით ბევრჯერ უთქვამს, რომ მე გამაგდებდა სახლიდან და ბავშვს არ გამომატანდა. მერე ბავშვს ეკითხებოდა, ვისთან გინდა დარჩენაო. ის შიშისგან ამბობდა, რომ ორივესთან, თუმცა, როდესაც ჩემთან რჩებოდა მარტო, მეუბნებოდა, რომ თან წამეყვანა.” 


ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი, მანანა ფურცხვანიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პოლიციამ ქალის დასახმარებლად არაფერი გააკეთა. 

 

“როდესაც ქალი მოდის და გეუბნება, რომ ჩემზე იარაღით ხორციელდება მუქარა, ამ საქმეს ძიება სჭირდება, ფაქტების შესწავლა. მსგავსი არაფერი გაუკეთებია პოლიციას. არც შემაკავებელი ორდერი გამოწერა. შემაკავებელი ორდერი არ არის, რა თქმა უნდა, პანაცეა, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ის მაინც გააკეთე. მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიცია უმოქმედოა და არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. გარდა ამისა, პოლიციამ არ ითანამშრომლა სასამართლოსთან, როდესაც მოსამართლემ პირადად დარეკა პოლიციაში და საქმის მასალების გადაგზავნა სთხოვა. ამის გამო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. 


ამჟამად ასეთი ვითარებაა, სასამართლომ გამოწერა დამცავი ორდერი, რომელიც ჯერ მისი ქმრისთვის არ არის გადაცემული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოთხშაბათს მის [ქმრის] ადვოკატს გადასცემენ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ განქორწინების სარჩელსაც ამ გზით მივაწვდით,” – ამბობს იურისტი მანანა ფურცხვანიძე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება თამარ ო.-ს განცხადებაზე:


“მას უნდა, რომ ქმრის სახლიდან გამოიტანოს საკუთარი ნივთები, თუმცა ქმარს ტელეფონი გამორთული აქვს, სამსახურში არ მიდის და, შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. როგორც კი მოხდება მასთან დაკავშირება, მოხდება ამ საკითხზე გასაუბრება”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი