ხელოვნება

დაზიანებული ფრესკები – სახელმწიფოსა და საპატრიარქოს გულგრილი პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2014 • 5411
დაზიანებული ფრესკები – სახელმწიფოსა და საპატრიარქოს გულგრილი პოლიტიკა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გასული საუკუნის დასაწყისში სტეფანე ზუბალაშვილის შემწეობით აიგო და იგი იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს. ტაძარი კათოლიკე მრევლისათვის აიგო და ფრესკებიც, შესაბამისად კათოლიკური ეკლესიისათვის არის დამახასიათებელი. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა დროს შენობაში არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობაში საკონცერტო დარბაზი გაეხსნა და შენობის რესტავრაციისთვის თბილისიდან რესტავრატორების ჯგუფი მოიწვია, რომელთაც ეკლესიაში კედლის დაზიანებული ფრესკები თავდაპირველი სახით აღადგინეს. 1989 წელს კი, ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს. ბოლო წლების მანძილზე ეკლესიაში, რამდენიმე ადგილას, სვეტებისა და კედლის მოხატულობის დაზიანების ხარისხი მატულობს, საღებავი ცვივა და კედლებიდან მოხატულობის კვალი იშლება.

იგეგმება თუ არა ფრესკების რესტავრაცია? – „ბათუმელების“  მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოს საპატრიაქრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 74 ეკლესია/მონასტერზე (ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე) გეგმავს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო ან სარესტავრაციო სამუშაოებს, თუმცა ჩამონათვალში არ არის ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ეკლესიის წინამძღვარი, მამა იაკობ ბერიძე ამბობს, რომ იგეგმება თუ არა ეკლესიაში დაზიანებული ფრესკების რესტავრაცია, ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. იმავეს ამბობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მდივანი თამარ ჩხაიძე, რომელსაც „ბათუმელები“ კვირას დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის უცნობია, თუმცა სამუშაო დღეებში ინფორმაციას დააზუსტებს.

ბათუმის საკათედრო ტაძარში ფრესკების აღდგენაზე გასული საუკუნის 80-იან წლებში 18 სპეციალისტისგან შემდგარი, თბილისიდან ჩამოსული ჯგუფი მუშაობდა. ჯგუფს მხატვარ-რესტავრატორი, ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობდა. იგი ამბობს, რომ ტაძრის ფრესკები თავდაპირველი სახით აღადგინეს და მათი მხატვრული ღირებულება მნიშვნელოვანია:

„ჩვენ არაფერი დაგვიმატებია. ორნამენტებიც კი, სვეტებზე, შენარჩუნებული იქნა. ელექტროქვესადგური იყო მანდ ადრე, პატარა ოთახები იყო გვერდითა გალერეის სვეტებს შორის და ამოშენებები და იმ ნალესების ქვეშ ჩანდა მხატვრობა. ყველაფერი, რაც არის, პირვანდელი სახითაა. 18 კაცი ვიყავით, მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, ოთხი ჯგუფი არსებობდა მაშინ სარესტავრაციო გაერთიანებაში და ოთხივე ჯგუფი გაერთიანდა. მაშინ ეს შენობა საკონცერტო დარბაზად განიხილებოდა, შეკვეთაც კი იყო რამდენადაც ვიცი, ორღანი უნდა აღმდგარიყო და უნდა გაკეთებულიყო საკონცერტო დარბაზი“, –  ამბობს ამირან გოგლიძე, რომელიც სამების ტაძრის მთავარი მხატვარია. 

„იტალიელების შესრულებულია მხატვრობა. თუ არ ვცდები, ეს უნდა იყოს კონსტანტინოპოლში, თურქეთში მდებარე კათოლიკური ტაძრის ანალოგი, მაგრამ მხატვრული ღირებულება გააჩნია, როგორც არქიტექტურას, ისე მხატვრობას. მხატვრულად ღირებულია და აუცილებლად გასაფრთხილებელია“, –  ამბობს ის. 

 


იმ შემთხვევაში, თუ  რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება.   

ამირან გოგლიძე ამბობს, რომ ფრესკების რესტავრაცია ამ ეტაპზე სრულიად შესაძლებელია და უკეთესიც არის, რადგან 90-იან წლებში რესტავრაცია იმ პირობებში მიმდინარეობდა, როცა ტაძარში წყალი ჩადიოდა და ამის შესახებ სპეციალისტები წერდნენ ხელისუფლებას: „რომ ნახოთ არქივები, უამრავი წერილი იქნება იქ, ახლაც შესაძლებელია აღდგენა და უკეთესიც არის, ახლა გამომშრალია კედლები და შესაძლებელია, რომ საფუძვლიანი რესტავრაცია გაკეთდეს.“ 

ვინ დაიცავს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

 

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია.  

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ძეგლს, კანონის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, „თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ (კანონი კულტურული მემკვდრეობის შესახებ). 

ძეგლის ეროვნული მნიშვნელობის შესახებ აღნიშნულია ნაგებობის სააღრიცხვო ბარათშიც, სადაც ვკითხულობთ: „გოთიკური დიდი ტაძარი დგას ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში და წარმოადგენს მის ხუროთმოძღვრულ დომინანტს… კედლის მხატვრობა ამშვენებს ტაძრის ზედა ნაწილებს. აქ სახარებიდან აღებული სიუჟეტური კომპოზიციებია გამოსახული, ხოლო ტაძრის ქვედა ნაწილებში მცენარეული ხასიათის დეკორაციული მოტივებია გამოყენებული“, – აღნიშნულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც 2004 წელსაა შედგენილი ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილის მიერ.    

კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, პირველ რიგში, მისმა მესაკუთრემ უნდა იზრუნოს, ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქომ და ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. არის თუ არა ინფორმირებული აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ფრესკების დაზიანების შესახებ? სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თენგიზ ცინცაძე ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე შუამდგომლობა არ შესულა: 

„სავარაუდოდ თბილისს, პირდაპირ ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ, რადგან ჩვენ საკულტო და რელიგიური დაწესებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზედამხედველობის არანაირი კომპეტენცია არ გაგვაჩნია. ეკლესიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რომელიც მსგავსი სახის ღონისძიებებს ახორციელებს. თუ საჭირო იქნება, ჩვენ აუცილებლად ჩავერევით“, – ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია არ მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თენგიზ ცინცაძე ამბობს, რომ ცნობის სახით აუცილებლად მიაწოდებენ ინფორმაციას სააგენტოს თბილისში, რადგან „რეაგირება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკეთოს“.

აპირებს თუ არა კათოლიკე მრევლი, რომლის მეშვეობითაც აშენდა საუკუნის წინ ეკლესია ბათუმში, მიმართოს სახელმწიფოს ძეგლის პირველსახის შენარჩუნების მოთხოვნით? კათოლიკე მღვდელი მამა გაბრიელ ბრაგანტინი ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრიათ: „ამაზე ჩვენ არ გვიფიქრია, თუ საჭირო იქნება – კი, მაგრამ მგონია, რომ პირველ რიგში ეს მათგან უნდა იყოს, ვინც კურირებს ახლა ეკლესიას. ამ დროისათვის მათ პასუხისმგებლობაში შედის ამაზე ზრუნვა“.

გაბრიელ ბრაგანტინი ამ თემაზე საუბრისას გორში მდებარე კათოლიკურ ეკლესიას იხსენებს, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ხუთ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად გადაეცა მართლმადიდებელ მრევლს. „გორში შეიცვალა გუმბათი, ჯვარი, ფრესკები. სულ დაკარგა ის სახე ეკლესიის, რაც იყო.“  

კანონი და ეკლესიის პასუხისმგებლობა

 

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში ფრესკების დაზიანება რამდენიმე წელია გრძელდება. ამ დროის მანძილზე რეგიონში არა ერთი ეკლესია აიგო, ბოლო ორი წლის მანძილზე კი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი იქნა ხელყოფილი, მათ შორის სხალთაში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იქ, უკანონოდ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე აშენდა მცირე ეკლესია და გალავანი. ასევე ბათუმში, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა, წმ. ბარბარეს ეკლესიამ რეკონსტრუქციის შედეგად სრულად იცვალა სახე – რეკონსტრუქციაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს არც ამ შემთხვევაში არ გაუცია. მეტიც, საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის შეტყობინებაზე პოლიციაში, რომ ძეგლზე მუშაობა უკანონოდ მიმდინარეობდა, მეათე თვეა ისევ მოკვლევა მიმდინარეობს. 

ეკლესია-მონასტრების შენების ფონზე, თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს საპატრიარქოს გულგრილობა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ? –  „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა არქიტექტორ-რესტავრატორ ნესტან თათარაშვილს დაუსვა.

ნესტან თათარაშვილი  ამბობს, რომ ეს კითხვა მასაც დიდი ხანია აქვს: „ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, რაც ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ამისთვის სერიოზული ფინანსების დახარჯვა დაიწყო, პარალელურად სულ გვენგრეოდა და ხან ხელიდან სამუდამოდ გვეცლებოდა საკულტო არქიტექტურის ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი ნიმუში _ ნაგებობები თუ კედლის მხატვრობა. ახლის აშენებისთვის მოსახლეობის `დარაზმვა~ (მაგ. თბილისის სამების თუ მახათას ეკლესია) თავად საპატრიარქოდან ხშირია, მასმედიით მუდმივად ხორციელდება აგრეთვე ცალკეული ეპარქიისა თუ ეკლესიის მეთაურთა თხოვნა ახლის მშენებლობის დასახმარებლად. მაგრამ მიჭირს გავიხსენო მსგავსი აქტიურობა საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების გადარჩენისთვის. მაგალითად, ყინწვისის, დავით-გარეჯის, იკორთის, ტიმოთესუბნის, გელათის და ა.შ. გასაგებია, რომ ქრისტიანული ტაძართმშენებლობის საბჭოთა ეპოქაში დიდი ხნით შეჩერებამ გამოიწვია ახლანდელი აქტიურობა ამ მიმართებით, და ეს თავადაც საჭირო საქმედ მიმაჩნია, მაგრამ ამის პარალელურად დღემდე შემორჩენილი მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობისადმი გულგრილობა, პირველ რიგში, ეკლესიის, შემდეგ კი სახელმწიფოსა და საზოგადოების  დიდი ნაკლი მგონია“.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ტაძრებში არქიტექტურის, კედლის მხატვრობისა თუ თუნდაც მცირე დეტალის დაზიანება „კანონით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და დამნაშავეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი. ეკლესიის მესვეურთაგან მართლმადიდებლურ ტაძრებზე ჩადენილი ფაქტებიც გამახსენდა, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მოჰყვა: კაზრეთის ფრესკების დაზიანება, გარეჯის მეტალო-პლასტმასის ღიობები, სვეტიცხოვლის იატაკის მეტლახით ჩანაცვლება და ა. შ.“ – ამბობს ნესტან თატარაშვილი. 

„ბათუმელებმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, 2010-2014 წლებში ეკლესია-მონასტრების უნებართვო გადაკეთების, რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის რამდენი ფაქტი გამოავლინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, თუმცა სააგენტოდან აღნიშნული  სტატისტიკა  ვერ მივიღეთ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ისტორია

გაზეთი „ცნობის ფურცელი, სურათებიანი დამატება 1902
გაზეთი „ცნობის ფურცელი, სურათებიანი დამატება 1902

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს ბათუმში. ამ ეკლესიის აგება, პირველ რიგში, ქართველი მეცენატის, სტეფანე ზუბალაშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის ბათუმელმა კათოლიკეებმა, რადგან კათოლიკე მრევლის შეგროვებული თანხა _ ოჯახიდან სამი მანეთი, საკმარისი მხოლოდ საძირკვლის ჩასაყრელად და ჭაობის დასაშრობად აღმოჩნდა, რომელიც იმ ადგილას იყო, სადაც ახლა ტაძარი მდებარეობს. სტეფანე ზუბალაშვილს ეკლესიის ასაგებად 15 ათასი მანეთი გამოუგზავნია ბათუმში, მშენებლობაზე იტალიელი არქიტექტორები და მხატვრები მუშაობდნენ. სამი გუმბათითა და ჩუქურთმებით შემკული გოტიკური სტილის ეკლესია  1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა.  საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა, მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული. რესტავრაცია, რომლის დროსაც კედლების მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა, ტაძარში 80-იანი  წლების ბოლოს ჩატარდა.  ამის შემდეგ ტაძარი მართლმადიდებელ მრევლს გადაეცა, საქართველოს პატრიარქმა ეკლესია 1989 წელს აკურთხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი