ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთის დერეფანი – ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან ევროპისთვის

29 სექტემბერი, 2014 • • 3367
სამხრეთის დერეფანი – ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან ევროპისთვის

ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის პროექტს საფუძველი 20 სექტემბერს ბაქოში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ჩაეყარა, რომელიც მიეძღვნა არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს – “საუკუნის ხელშეკრულების” 20 წლისთავს – პირველ შეთანხმებას, რომლითაც დასავლური კომპანიების კონცერნებმა აზერბაიჯანში ნავთობის საბადოების დამუშავება დაიწყეს.

 

“საუკუნის ხელშეკრულებაზე” ხელმოწერა – ეს არის ისტორიული მოვლენა და პირველი მაგალითი მსხვილი დასავლური ინვესტიციების განთავსებისა პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებულ პროექტში”, – თქვა ცერემონიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამოს ხოკშტეინმა სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის წერილის კითხვისას – “საუკუნის ხელშეკრულება” ადასტურებს, რომ შესაძლებელია გაერთიანება მომავლის გამო და ერთად ბრძოლა ყველა მიმართულებით – ენერგეტიკის განვითარების სფეროში, თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების წინსვლაში”.

 

წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ რჩება “სრულფასოვან პარტნიორად” აზერბაიჯანის ძალისხმევაში, განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და თავად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამყარებას.

 

“აზერბაიჯანი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ენერგომატარებლების მიწოდების დამატებითი მარშრუტებით ევროპის ბაზრის უზრუნველყოფაში და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში,” – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის წერილში.

 

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთის დერეფნის პროექტის ჩაშვებას უწოდა აზერბაიჯანის მიზანმიმართული ენერგეტიკული პოლიტიკის “მწვერვალი”:

 

“ეს პროქტი აზერბაიჯანს დამატებით დივიდენდებს მოუტანს. ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მიზნობრივად განვითარდება,” – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა – “ამავდროულად, ეს პროექტი ძალიან ხელსაყრელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. სატრანზიტო ქვეყნები იმავდროულად არიან მომხმარებელი ქვეყნებიც, მაშინ, როცა მომხმარებელი ქვეყნები მიაღწევენ გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას. ეს პროექტი უზრუნველყოფს მთლიანობაში ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას”.

 

საზეიმო ცერემონიაში აზერბაიჯანისა და ბულგარეთის პრეზიდენტები – ილჰამ ალიევი და როსენ პლევნელიევი; საბერძნეთის, საქართველოს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები – ანტონიო სამარასი, ირაკლი ღარიბაშვილი და მილო ჯუხანოვიჩი; თურქეთის და ალბანეთის სათბობენერგეტიკის მინისტრები – თენერ ილდიზი და დამიან გიკნური; BP-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ დადლი და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ისინი შეიკრიბნენ ბაქოს ცენტრში, რომელიც ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს, ვისაც აზერბაიჯანის თანამედროვე ნავთობსტრატეგიის ავტორს უწოდებენ.

მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა აქცენტი გაამახვილეს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როგორც აქტუალურ საკითხზე თითოეული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძაბული ურთიერთობაა ევროპასა და მის ძირითად გაზის მიმწოდებელ – რუსეთთან. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში შეამცირებს მის დამოკიდებულებას რუსულ გაზის მიმწოდებელ “გაზპრომზე”, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული გაზის ბაზრის მეოთხედს.

ბულგარეთის პრეზიდენმა როსენ პლევნელიევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გაზის ალტერნატიული მიმწოდებლების და მიწოდების გზების ძიება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და საკვანძო პრიორიტეტი ევროპული ქვეყნებისთვის. მისი თქმით, ბუნებრივი აირის კრიზისმა 2009 წელს შეახსენა მთელ ევროპას მისი დამოკიდებულება ენერგორესურსების მიწოდებაზე და ბულგარეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძლიერ დაზარალდა ამ კრიზისით. ეკონომიკამ ასობით მილიონი ევრო დაკარგა თვეში.

 

“ეს პროექტი შეიძენს დიდ მნიშვნელობას კონკურენტული და სამართლიანი ფასების დადგენის კუთხით გაზის საერთაშორისო ბაზარზე,” – განაცხადა ბულგარეთის ლიდერმა.

 

ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანს უწოდა “21-ე საუკუნის ხელშეკრულება”, რომელიც, ასევე, არის გეოპოლიტიკური პროექტი. მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანი ახლოსაა ევროკავშირთან, როგორც არასდროს: “ქვეყნის ეკონომიკა ღრმად ინტეგრირებულია ევროპულ ბაზართან. ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველია”.

 

“დღემდე ნავთობპროექტებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის გაფართოებას – იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი და მომავალში ამ პროექტს შეიძლება შემოურთდნენ მონტენეგრო და სხვა ქვეყნები. ნავთობისა და გაზის სექტორში ახალი საერთაშორისო ჯგუფი ყალიბდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

ამაში არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეაქვს ეჭვი: “პროექტის განხორციელებით შეიცვლება ევროპის ენერგეტიკული რუკა. შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, შეამცირონ სიღარიბის დონე,” – თქვა მან.

 

სამხრეთის გაზსადენის ძირითადი წყარო იქნება გაზის საბადო “შაჰ-დენიზი”, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის საბადოა, რომლის მარაგი 1 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზს აჭარბებს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის დასაბუთებული გაზის მარაგი შეადგენს 2.5 ტრილიონ კუბურ მეტრს, ხოლო პროგნოზირებადი აღწევს 4 ტრილიონ კუბურ მეტრამდე.

 

ახალი დერეფნის მიხედვით, ბუნებრივი აირი საბადო “შაჰ-დენიზიდან” მიეწოდება თურქეთს 2018 წელს, ხოლო ევროპას – 2019 წელს. საბადოს დამუშავება დაიწყო 1996 წელს და გაზი ტრანსპორტირდება ბაქო-თბილის-ერზრუმის გაზსადენით, რომელიც ცნობილია, როგორც “სამხრეთკავკასიური გაზსადენი”.

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის თქმით, “შაჰ-დენიზის” საბადოს დამუშავების მეორე ეტაპზე, პარტნიორებთან ერთად, კომპანია განახორციელებს “სამხრეთ კავკასიური გაზსადენის” გაფართოებას და ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) გაზსადენების შექმნას. ამ პროექტების განხორციელებაში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, 3500 კილომეტრიანი სიგრძით, დააკავშირებს სამ გაზსადენს სანგაჩალის ტერმინალთან. ტერმინალიდან გაზი თურქეთს მიეწოდება ამჟამად მოქმედი 700 კილომეტრიანი სამხრეთ კავკასიური გაზსადენით, რომლის სიმძლავრეც გაფართოვდება და შემდეგ აზერბაიჯანული გაზი თურქეთის ტერიტორიიდან გადაეცემა ტრანსანატოლიური გაზსადენით, იქიდან კი – ტრანსადრიატიკულით, რომელიც დაიწყება თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე და ბუნებრივ აირს იტალიას მიაწვდის.

ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრა, 20/09/2014
ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრა, 20/09/2014

“TANAP-ის მშენებლობა 2015 წლის მარტში დაიწყება. ამჟამად აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია გაზსადენისთვის მიწების შესყიდვას აწარმოებს. წლის ბოლომდე იგეგმება სატენდერო პროცედურების ჩატარება და კონტრაქტორების შერჩევა, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილიდან დაიწყებენ მიწის სამუშაოებს გაზსადენის გასაყვანად,” – აცხადებს აბდულაევი.

 

აზერბაიჯანი აპირებს ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საიდანაც 6 მილიარდი კუბური მეტრი მიეწოდება თურქეთს, დანარჩენი კი – ევროპას. მომავალში მოსალოდნელია გაზის მოცულობის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა.

 

საქართველო “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის ფარგლებში ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ტრანზიტისთვის. როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის განხორციელებიდან “საქართველო მიიღებს ინვესტიციას 2 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობით, რაც შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს”.

 

ამ დროისთვის აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებელი, რომლის წილი 83%-ია ქვეყნის მიერ იმპორტირებულ გაზში. ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ამ ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული იქნა 858.52 ათასი ტონა ბუნებრივი გაზი, რომლის ღირებულებაა 212,8 მილიონი დოლარი. დანარჩენი წილი გაზის მიწოდებისა მოდის რუსეთსა და სხვა წყაროებზე.

 

აზერბაიჯანი საქართველოში საკუთარი გაზის ექსპორტს ახორციელებს გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს გაზახის რაიონში. ამ გაზსადენით მიწოდების სიმძლავრე წელიწადში 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.

 

“ნავთობის კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ილჰამ შაბანი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელებით აზერბაიჯანი შეძლებს ეკონომიკური განვითარების პიკს მიაღწიოს.

 

“ოფიციალურად, ამ პროექტის განხორციელებით ბაქო სათავეს დაუდებს ქვეყნის ცხოვრებაში ახალ ეპოქას, რომელიც ნიშნავს არა მხოლოდ მომავალში ნავთობიდან გაზზე გადასვლას, არამედ ამ მასშტაბური პროექტის გავლენას მთელ რეგიონზე. რეალურად, ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის განხორციელებიდან ხუთი წლის შემდეგ გაიხსნება სულ სხვანაირი ეკონომიკური გეოგრაფია კასპიიდან ევროპამდე და ეს ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას”, – თქვა შაბანმა.

 

თუმცა, ექსპერტის აზრით, პროექტის რეალიზაცია არ იქნება მარტივი ამოცანა:

“აზერბაიჯანს აქვს მარშრუტი, ხელმოწერილია ყველა კონტრაქტი და ქვეკონტრაქტი. დღე და ღამე, 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს ათასობით ადამიანმა, რომ მოასწროს 2019 წლისთვის. ეს ძალიან რთულია, მხოლოდ ინფრასტრუქტურის მომზადება იქნება საჭირო 3500 კილომეტრ მანძილზე. ამასთან, “შაჰ-დენიზი 2” – არა მხოლოდ კასპიის ღრმა საბადოა, არამედ რთულია გეოლოგიური თვალსაზრისითაც. გამოცხადებულ ვადებში გაზის პირველი მოპოვება და შემდეგ პირველი მიწოდება ევროპაში მეგაინფრასტრუქტურით – ეს სინამდვილეში გრანდიოზული მიღწევაა აზერბაიჯანის კასპიის გაზის მიწოდების კუთხით ევროპულ ბაზარზე. შემდეგ კი შეიძლება დათვლა, როგორ მოხდეს ევროპის მთელი მოთხოვნის უზრუნველყოფა ბუნებრივი აირით”, – ასკვნის შაბანი.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი