ახალი ამბები

მთავრობის პასუხი მავთულხლართებზე – ახალი საბავშვო ბაღი გამყოფ ხაზთან

22 სექტემბერი, 2014 • • 1269
მთავრობის პასუხი მავთულხლართებზე – ახალი საბავშვო ბაღი გამყოფ ხაზთან

ეს განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს, 22 სექტემბერს სოფელ დვანში რეაბილიტირებული საბაშვო ბაღის გახსნის დროს გააკეთა.


კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ დვანში 1988 წელს აშენებული და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის ევროკავშირმა, ოფიციალური ინფორმაციით, 90 ათასი ევრო დახარჯა. აქ, კონფლიქტის ზონის ორი სოფლის, დვანისა და ტახტისძირის 50 აღსაზრდელი ისწავლის. 

 

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა.






როგორც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კონფლიქტის ზონაში – ეს იყო საქართველოს მთავრობის მოწოდების პასუხი იმაზე, რომ ყურადღება გამახვილებულიყო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ.


“განვითარება ალბათ სწორია ბავშვებით დავიწყოთ და სწორი დასაწყისი მივცეთ მათ ცხოვრებას,”- განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ნილს სკოტმა, რომელიც დღეს დვანში იმყოფებოდა. 


დღეს საბავშვო ბაღის საზეიმო გახნას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში გაეროს ლტოლვლთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სიმონე ვოლკენი და მინისტრი სოზარ სუბარიც დაესწრნენ. 


“დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი აქ. ყველა შეშფოთებული და მოწყენილი იყო. მგონი, ეს ყველაფერი გამყოფ ხაზთან და მავთულხლართების გაბმასთან იყო კავშირში. ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ის, რომ სიხარული მოუტანო ბავშვებს. ყველამ ვიცით, რამდენად შესტკივა ევროკავშირს გული საქართველოზე, ვცდილობთ რაღაცების გაკეთებას, რომ დავეხმაროთ ამ კონკრეტულ ადგილს,”- განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა. 

 

დვანში საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფლის თავზე მდებარე საგუშაგოებიდან სამხედრო პირებიც აკვირდებოდნენ, – დვანში სოფლის თითოეულმა მოსახლემ იცის, კონკრეტულად რომელი წერტილიდან უყურებენ სოფელს. 

 

 

“მოწინააღმდეგის მიზანი, გავერანებულიყო და დაცარიელებულიყო ეს სოფლები, არ გამართლდა. ყველაფერი იქნება ნორმალურად, როგორც დანარჩენ საქართველოში,”- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი მედიასთან საუბარში. 

 

თუმცა დღესდღეობით, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სოფელ დვანში არ არის ბუნებრივი აირი. მთავრობის წევრები, რომლებიც დღეს საბავშვო ბაღის გახნსაზე იმყოფებოდნენ, ირწმუნებიან, რომ უახლოეს ორ კვირაში დვანი გაზიფიცირებული იქნება. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამ პროექტისთვის 2 მილიონი ლარი არის გამოყოფილი. 


მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში წყალიც არ მოდის. ოჯახების ნაწილს საკუთარი ჭა აქვს, თუმცა სასმელ წყალს სოფლის წყაროზე ავსებენ. სარწყავი წყალი კი სოფელში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოსახლეობის დიდ პრობლემად რჩება.


“მეზობელ სოფლებში ვქირაობთ სახნავ-სათეს მიწას და სარწყავი წყალი მაინც გვჭირდება,”- ამბობს სოფლის მკვიდრი ნიკოლოზ კოპაძე. მან 2008 წლის აგვისტოში, სხვების მსგავსად, რამდენიმე ჰექტარი მიწა დაკარგა.


“ჩემი ბაღების ნაწილი იქით დარჩა. პომიდორი, ხილი, სიმინდი და ხორბალი მომყავდა. სამი ნაკვეთი კი საზღვარზე მოჰყვა, 4 მეტრშია მავთულხლართიდან აქეთ. მაგრამ მათ დამუშავებას აზრი არ აქვს. წლოვანების გამო მარტო იქ ვერ მივდივარ სამუშაოდ და ახალგაზრდას იქ ვერ წაიყვან დამხმარედ, გეშინია, არ დაიჭირონ.”


მასალების გადაბეჭდვის წესი