ახალი ამბები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

22 სექტემბერი, 2014 • • 1264
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

“როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად მცირდება სამუშაო ადგილები, ყოფილ პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს ასამართლებენ მოქალაქეების დასაქმებისთვის. ჩვენ ამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, მაგრამ ყველა ინსტანციას გავივლით, რადგან ეს საჭიროა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შესატანად,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

 

“დღეს დასკვნით სიტყვას ვიტყვით, სავარაუდოდ. ამის შემდეგ იქნება რეპლიკები და სასამართლომ ზურაბ ჭიაბერაშვილს კვალიფიკაცია შეუცვალა, რაც სწორი არ იყო და იმედია, სააპელაციო მას დამნაშავედ ცნობს,” – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება ვანო მერაბიშვილი. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: მარინა სირაძემ მარინე იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, 17 თებერვალს ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს – 50 ათასლარიანი ჯარიმა.

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ა’’, ‘’დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით (მითვისება, გაფლანგვა), 1641 მუხლით  (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 

 

 

 

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილს წარდგენილი ბრალდება – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულის მე-2 ნაწილი) შეეცვალა სხვა ბრალდებით, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი), რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 ათასი ლარის ოდენობით.

 

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ.

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს.

 

საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

 

მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.

 

ბრალდების წარდგენის შემდეგ, გასული წლის 22 მაისს, მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ჭიაბერაშვილი 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი