ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე გაეროს კლიმატის სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდება

10 სექტემბერი, 2014 • • 1089
მაია ფანჯიკიძე გაეროს კლიმატის სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდება

“მე არ ვიტყოდი, რომ დაძაბულობაა საგარეო სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მისი მრჩევლების დონეზე, სხვა თანამშრომლების დონეზე, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის დონეზე. აბსოლუტურად ყველაფერი, ვითარების განვითარება, თუნდაც ამ მიმართულებით გაეროს რაც შეეხება, არ მომხდარა არც ერთი ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელზეც ინფორმირებული არ ყოფილიყო ბატონი თენგიზ ფხალაძე პირადად, რადგანაც ჩვენ სწორედ მასთან გვაქვს ყველაზე მეტი კომუნიკაცია. ერთი რამ მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, საქართველოს უმაღლესი პირები სად და როდის უნდა წავიდნენ, მე პირადად არ ვიღებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მე მხოლოდ მთავრობის წევრი გახლავართ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მე ამ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ.  ხოლო რაც შეეხება ჩვენ კომუნიკაციებს, მე ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში მექნება პრეზიდენტთან შეხვედრა და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგამდე მივალთ”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

გაეროს კლიმატის სამიტი ნიუ იორკში ამა წლის 23 სექტემბერს გაიმართება.  მთავრობა თვლის, რომ სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.

 

8 სექტემბერს ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსია გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. გია ვოლსკიმ და ვიკა დოლიძემ მთავრობის პოზიცია გაიზიარეს, ხოლო თედო ჯაფარიძის აზრით, მხარეებმა შეთანხმება მოლაპარაკებების შედეგად უნდა შეძლონ.

 

9 სექტემბერს რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის განცხადებების საპასუხოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავა სამიტზე, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური ვიზიტი უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი