ახალი ამბები

უელსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს

4 სექტემბერი, 2014 • • 1406
უელსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არასტაბილური სიტუაცია სამხრეთში, მათ შორის ექსტრემიზმის ზრდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ნატოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სმაიტის დღის წესრიგის მთავარი თემებია.


დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. 


“მთელი სამიტი კონცენტრირებული იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ასევე, ამ შემთხვევაში საქართველოსი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმებზე და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.  მე როგორც ინფორმაცია მაქვს, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც ადეკვატურია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და საზოგადოების დაცვისთვის”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“ნატოს სამიტზე საქართველო მიიღებს საქართველოს პაკეტს, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, ეს არის სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, პირველ რიგში. ეს არის ერთობლივი ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოს სამხედრო შესაძლებლობებთან”, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

დღეს, 4 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერის ანგარიშზე საქართველოსთან ნატოს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ახალი პაკეტით ნატო საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება და წევრობისთვის მოამზადებს.


“საქართველო ჩინებულ დემოკრატიულ და თავდაცვის რეფორმებს ატარებს, ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს რეფორმები კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრმა ქვეყანამ, რომელიც ავღანეთის ISAF-ის მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, საკუთარი თავი უსაფრთხოების ექსპორტიორად წარმოაჩინა. ხვალ ჩვენ ავამოქმედებთ ახალ ინიციატივას, რათა თანამშრომლობა გაძლიერდეს და დავეხმაროთ პარტნიორებს მათი ძალების გაძლიერებაში. ხვალ ჩვენ ავამოქმედებთ თანამშრომლობის ახალ პაკეტს, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში და მოვამზადოთ წევრობისათვის. ძალიან კარგი შეხვედრა გავმართე პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ამავე სამიტზე ნატო გააძლიერებს კავშირებს პარტნიორებთან მათ შორის საქართველოსთან. ჩვენი თანამშრომლობა დიდ გზას გადის”,-წერს რასმუსენი ტვიტერზე.

ნატოს სამიტი უელსში © EPA/ANDY RAIN - 04.09.14
ნატოს სამიტი უელსში © EPA/ANDY RAIN – 04.09.14

 

მასალების გადაბეჭდვის წესი