ახალი ამბები

ევროკავშირის ერთკვირიანი ვადა რუსეთს და ახალი სანქციების მოლოდინი

31 აგვისტო, 2014 • • 1184
ევროკავშირის ერთკვირიანი ვადა რუსეთს და ახალი სანქციების მოლოდინი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეს განცხადებით, ევროკავშირი მომავალ შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებით მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, მისი ქვეყანა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ახლო წერტილში იმყოფება. რუსეთი უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რაც მის მიმართ არსებობს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და სეპარატისტებს ეხმარებიან აღმოსავლეთ უკრაინაში. 

 

დასავლელი ლიდერების განცხადებით, უტყუარი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთის რეგულარული ჯარი ოპერირებს უკრაინის ტერიტორიაზე. ევროკავშირის სამიტის შემდეგ ჰერმან ვან რომპემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა სიტუაციის განვითარებიდან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯები გადადგას:

 

” ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ”,- განაცხადა რომპემ, რომელსაც მომავალი სანქციების შესახებ კონკრეტულად არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში სანქციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება. 

 

“მივცემთ თუ არა სიტუაციას იმდენად გაუარესების საშუალებას, რომ იგი ომამდე მივიდეს? ახლა ამის რისკი არსებობს, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. 

 

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებიც. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების სპიკერის განცხადებით, აშშ მიესალმება ევროპული საბჭოს კონსენსუსს, რომელმაც ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რომლის მიხედვითაც ახალი სანქციები დაწესდება რუსეთის მიმართ. 

 

 

მოქმედი სანქციების მიხედვით, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და უკრაინაში ამბოხებული ლიდერების აქტივები გაყინეს და მათ გადაადგილება შეუზღუდეს, სანქციები ასევე შეეხო რუსეთის სახელმწიფო ბანკებს. 

 

ბრიუსელში საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერორის და სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განაცხადებით კი, რუსეთი პრაქტიკულად  ევროპის წინააღმდეგ ომობს.

 

“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, დავეხმაროთ მას სამხედრო რესურსით, რათა თავდაცვა შეძლოს, დღეს უკრაინა ევროპის სახელით ომობს”. 

 

30 აგვისტოს ინფორმაციით, რუსეთის ტანკები თავს დაესხნენ ქალაქ ნოვოსვიტლივკას, რომელიც ლუგანსკთან ახლოს მდებარეობს და პრაქტიკულად ყველა სახლი გაანადგურეს.  ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ნოვოსვიტლივკადან უკან დახევის შესახებ  ბრძანება უკვე გაცემულია. 

 

გაეროს ინფორმაციით, 2,593  ადამიანი დაიღუპა აპრილის შემდეგ უკრაინის კრიზისის დროს, 298 მგზავრი კი მალაიზიური თვითმფრინავის  ჩამოგდებას შეეწირა. 951 სამოქალაქო პირი მოკლულია დონეცკის რეგიონში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 155 800 ადამიანი დევნილია საკუთარ ქვეყანაში და 188 000 ადამიანი რუსეთში გადავიდა. 

 

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა 2014 წლის აპრილში ყირიმი მიიერთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი