ახალი ამბები

სერგეენკო: მედიკამენტების წინასწარ მომარაგების საჭიროება არ არის

13 აგვისტო, 2014 • • 1253
სერგეენკო: მედიკამენტების წინასწარ მომარაგების საჭიროება არ არის

ამის შესახებ სერგეენკომ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა:”გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის” 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის: “რეცეპტებზე გადასვლის გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა ერთი წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევაში, როცა ადამიანი იქვე აფთიაქთან ახლოს იმყოფება, სანამ ექიმთან მივა, შეეძლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. შემოდის ხანგრძლივი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთი გამოწერით მთელი წლის განმავლობაში შეეძლება შეიძინოს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამედიცინო საზოგადოების აზრს და არ შემიძლია გაკვირვება, განცვიფრება არ გამოვხატო ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის”.

 

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილება, რომლის მიხედვითაც ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, გარდა მცენარეული პრეპარატებისა, ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი