ახალი ამბები

პასუხის პასუხი

11 აგვისტო, 2014 • • 1470
პასუხის პასუხი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტიმ 6 აგვისტოს შემდეგი შინაარსის პოსტი დატვიტა:

“საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”.

 

იგივე მოსაზრება გაიმეორა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა 7 აგვისტოს დატვიტული შემდეგი პოსტით:

„შერჩევითი მართლმსაჯულების შესაძლო გამოყენება შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ამგვარი პრაქტიკისგან და ყველა ეჭვი თავიდან აიცილოს”.

 

განცხადების საპასუხოდ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “ფეისბუქის” პროფილზე შემდეგი რამ დაპოსტა :

“სულ ველოდები მის შეშფოთებას. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ შეაგვიანდა, არადა ჩემს წინა სტატუსებში უკვე მოხსენიებული მყავდა. შეშფოთებისთვის პრიზი ხომ არ დავაწესოთ?”

 

 ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების სამართლებრივი დევნის შესახებ ბილდტის  და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებებებზე განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრები არიან და ეს კრიტიკული შეფასებები დასავლელი მინისტრების მეგობრული თანაგრძნობით ახსნა. 

 

გია ხუხაშვილი მიიჩენვს, რომ საქმე არაკვალიფიციურობასთან და მოუზომლობასთან გვაქვს. მისივე მოსაზრებით, ასეთი განცხადებები საქართველოს რისკებს უზრდის:

 

“იმიჯის დაზიანება ერთი პრობლემაა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ სისტემური პრობლემაა ეს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომლებიც დიდწილად გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ გაერთიანებებში, საითაც მივისწრაფით. ასეთი განცხადებებით იზრდება იმის რისკები, რომ პრობლემები შეგვექმნას. შეიძლება მათ იმის რესურსი არ აქვთ, რომ ბევრი გაგვიკეთონ, მაგრამ გაფუჭება ნამდვილად შეუძლიათ. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული მსუბუქი კომენტარები ზრდის რისკებს. ეს მსუბუქი, მჩატე განცხადებები, განსაკუთრებით სესიაშვილზე ვამბობ, არ შეეფერება სახელმწიფო მოღვაწეს. უნდა გვესმოდეს რა რისეკების წინაშე ვაყენებთ მნიშვნელოვან პროცესებს ასეთი განცხადებებით. სესიაშვილი დიდი ხანია პატარა ბიჭი აღარ არის და უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება მასაც შეექმნას პრობლემები. ის ჩართულია პროცესებში, ხელისუფელბის სახელით ამ ადამიანებთან შეხვედრა შეუძლია მოუწიოს და როგორ აპირებს მათთან ლაპარაკს, ძალიან მაინტერესებს. “

 

ხუხაშვილის თქმით, ირაკლი სესიაშვილის ქმედება სახელმწიფო მოღვაწისთვის შუსაბამოა:

 

“მე შეიძლება სესიაშვილთან სადილზე დავჯდე და პირად საუბარში შევაფასოთ ბილდტი. შეიძლება რაღაცებში ერთმანეთთს დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ერთია პირადი საუბარი  და მეორე საჯარო განცხადება, ერთია ჩემი გამოთქმული კრიტიკა და მეორეა სახელმწიფო მოღვაწის. მას არ აქვს გაცნობიერებული, რომ ვიღაც პატარა ბიჭი კი არ არის ქუჩაში და ენჯეოშნიკი, სახელმწიფო მოღვაწეა და შესაბამისად უნდა იქცეოდეს.”

 

ასეთ განცხადებებში ნაკლებ პრობლემას ხედავს გია ნოდია. ნოდია პრობლემას არა განცხადებებში, არამედ ოპოზიციის კრიმინალიზაციაში ხედავს. ნოდიას თქმით, ოპოზიციის დევნა და  სააკაშილისთვის ბრალის წაყენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი კლასი ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნით იყენებს:

 

“ეს მოსაზრება ფაქტობრივად კონსესუსია დასავლურ დემოკრატიებში, ეს არის პრობლემა. ხელისუფლება ბევრჯერ იყო გაფრთხილებული, რომ სააკაშვილსითვის ბრალის წაყენება არაფრით შეიძლება და მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ამის შემდეგ, ვინ ირონიულად ჩაიცინებს, ვინ შეეცდება, რომ უფრო სერიოზულად უპასუხოს დასავლელი ლიდერების განცხადებებს – ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ხელისუფლება დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. ხელისუფლება დაუპირისპირდა დასავლურ პრინციპებს და ღირებულებებს, მან შექმნა შთაბეჭილება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის, რითაც დიდწილად გააქარწყლა ის პოზიტიური რეპუტაცია, რომელიც საქართველომ 2012 წელს დაიმსახურა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გამო. ამ კრიტიკულ განცხადებებზე ბუენბრივია, რომ ცინიკურად ვიღაც გაიცინებს, რადგან სერიოზული საპასუხო არ აქვთ.”

 

პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უადგილოა ხიხაშვილისთვის, რომელიც ამბობს, რომ თუ ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას შემთხვევებში დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ეს ნიშნავს რომ ყველა ამ დანაშაულის მონაწილეა სააკაშვილი:

 

“მის გარეშე მაშინ ჩიტი არ დაფრინავდა ამ ქვეყანასი და არავინ დაიჯერებს იმას, რომ ესენი დანაშაულს ჩადიოდნენ ისე, რომ ლიცენზია არ ჰქონოდათ სააკაშვილისგან.”

 

საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში ფრთხილი პოლიტიკა აქვს დეკლარირებული, თუმცა, დასავლეთთან მიმართებაში ისინი ნაკლებად ფრთხილები არიან. გია ხუხაშვილის მოსაზრებით, აქ პოლიტიკური შემადგენლის ძებნა უადგილოა და მიზეზების ძებნისას  არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებს:

 

” რუსეთი ჩვენი მტერია, მათთან სიფრთხილე სწორი პოლიტიკაა, ის უგუნური პოლიტიკა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, არ იყო სწორი. რაც შეეხება დასავლეთის ზოგიერთ წარმომადგენლებთან ნაკლებად დიპლომატიურ რიტორიკას, ეს ყოვლად მიუღებელია. კორექტულები უნდა ვიყოთ ყველასთან, მათ შორის მტერთან და მითუმეტეს, მეგობრებთან უნდა შევინარჩუნოთ ეს კორექტულობა. ბილდტი ადამიანია, ის რობოტი არ არის და როდესაც საქართველოს ხელიუსფლებიდან ის იღებს შეფასებებს შეურაცხყოფის ზღვარზე, ბუნებრივია, ნებისმიერ ფორუმზე, სადაც საქართველოს საკითხები განიხილება, ის ხელშეწყობის ნაცვლად პრობლემების შექმნას შეცდება. რატომ გადაგვყავს პოზიტივი ნეგატივში ეს ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრემიერს შეეძლო დაერეკა მისთვის, პირადად ესაუბრა და აეხსნა არსებული მდგომარეობა და შემდეგ რელიზი გაევრცელებინა. ბილდტი გაიზიარებდა ამას თუ არა,ე ს სხვა საკითხია, მაგრამ ეტიკეტი იქნებოდა დაცული. ამ საჯარო განცხადებების პოზიტიური შედეგი, თუ შეიძლება ასე დაერქვას, არის ის რომ ვიღაც ადამიანებს ქვეყანაში გული მოფხანა, ვინც უკმაყოფილოა დასავლეთის პოლიტიკით. “

 

ხოლო, გია ნოდიასთვის სიფრთხილის დეფიციტი სწორედ პოლიტიკურია. მისი აზრით, აქ ვლინდება რომ დასავლეთისკენ სწრაფვა, დასავლურობა ხელისუფლების პრინციპული ნიშანი კი არ არის, არამედ ჩვენ ვხედავთ ინერციას დასავლეთისკენ სწრაფვის:

 

“სინამდვილეში, მათთვის დასავლური ორიენტაცია, რომლის გაძლიერებას და განვითარებას ისინი გვპირდებოდნენ, არ არის პრინციპული, არ არის პრიორიტეტული. მათ ფორმალურად არ გადაუდგამთ ნაბიჯები, რომელიც ორიენტაციის შეცვლას გამოაააშკარავებდა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარი არ უთქვამთ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღუდგენიათ, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ნაკლები დისკომფორტი შეუქმნან რუსეთს. ეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან მომგებიანი საერთაშორისო კონიუნქტურაა მსოფლიოში. თუ ადრე დასავლეთი მხოლოდ საქართველოს გამო ერიდებოდა რუსეთთან დაპირისპირებას, დღეს კრიზისია რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო. თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკელები, ადარებენ 2008 წლის ომს და დღევანდელ ვითარებას ერთმანეთს, ჩვენ შეგვეძლო ამაზე მუშობა და განგვევითარებინა იდეა, რომ რუსეთი 2008 წელს ისევე მოქმედებდა საქართველოში, როგორც უკრაინაში და გვეთქვა, რომ ასეთივე მხარდაჭერას ვიმსახურებთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ შანსის გამოსაყენებლად, რითაც რუსეთისთვის ძალიან სასარებლო საქმეს აკეთებს. “

 

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი  კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი მსგავს გამოხტომებს უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო იტანს და აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები შეიძლება უკან ცუდად დაუბრუნდეს ქვეყანას:

 

“ჩვენ გვაპატიებენ ასეთი სახის გამოხტომებს, სანამ დასავლეთს ძალიან უჭირს და ახლა ძალიან უჭირს რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში, მას ძალიან ჭირდება საქართველოს მის მხარეზე ყოლა. ამ ვითარებაში ასეთი სახის გამონათქვამებს გვაპატიებენ, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ასეთი გამონათქვამები საქართველოს დიდ საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ შეიძლება მიმზიდველობა დავკარგოთ, წინ უნდა გავიხედოთ.”

 

მეორე მხრივ, ასეთი განცხადებების რიტორიკა, რა თქმა უნდა, მიმართულია პოზიციების გამყარებისკენ ქვეყნის შიგნით, ანუ სახელმწიფოში თავისი ნაბიჯების ადეკვატურობის განმტკიცებისთვის, ის, რომ არაფრის არ გვეშინია, რომ ოპოზიციას ნუ ექნება რაიმეს იმედი და ა.შ. ეს შიდა პოლიტიკური პროცესის ელემენტებია და არ არის მიმართული პირდაპირ იმისკენ, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უთხრა, რომ ვინ ხართ, ლიდერებად არ გთვლით, არა, ეს შიდა სიტუაციაზეა ორიენტირებული, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი განცხადებები უკან ცუდად შეიძლება დაგვიბრუნდეს.”

 

 

მართალია, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბილდტის და ლინკიავუჩუსს საქართველოსთვის ბევრის გაკეთების რესურსი არ აქვთ, მაგრამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამ პროექტის ავტორი შვედეთია, ხოლო ინიციატორი პოლონეთი. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკურ, სავიზო და სხვა სახის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი