ახალი ამბები

საგარეო უწყება: ასოცირების შეთანხმების ნაწილი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

30 ივლისი, 2014 • • 1276
საგარეო უწყება: ასოცირების შეთანხმების ნაწილი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსგან ოფიციალური ნოტა მოეწოდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენებისთვის აუცილებელი პროცედურების დასრულების თაობაზე. თავის მხრივ საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს საქართველოს მხარის ოფიციალური შეტყობინება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე 2014 წლის 25 ივლისს გადასცა. შესაბამისად, ევროკავშირის პროცედურის მიხედვით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების კონკრეტული ნაწილების დროებითი გამოყენება დაიწყება 2014 წლის 1 სექტემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში შევა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80 %, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც არ ექცევა ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ასოცირების შეთანახმება სრულად მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მოახდენს მის რატიფიცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი