ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეცვლის თუ არა საქართველო აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკას? – საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია

29 ივლისი, 2014 • • 1567
შეცვლის თუ არა საქართველო აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკას? – საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ მიიღო საქართველოს წინა მთავრობამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზისია იმ შეზღუდვებისთვის, რაც გარე სამყაროსთან იზოლაციაში აქცევს ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებს. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც გადაიხედა, სწორედ აღნიშნულ კანონთან იყო კავშირში, როდესაც მთავრობამ მიიჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შესვლა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ უნდა იყოს და იგი მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება.

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება სწორედ აფხაზეთთან მიმართებაში დეიზოლაციის პოლიტიკისკენ არის მიმართული:


“დეიზოლაციის პოლიტიკა დღის წესრიგში დგას და ეს ის ამოცანაა, რომელიც უნდა გადავჭრათ. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, ეს ადვილი არ არის, ჩვენ რაც უნდა პოზიცია გვქონდეს, რეალობას უნდა შევუსაბამოთ ვითარება, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ორგანოებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, აზრადაც არ მოსვლიათ იზოლაციის მხარდაჭერა, პირიქით. თუნდაც ის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი – დეიზოლაციაზეა ორიენტირებული”, – აცხადებს ვოლსკი.


დეიზოლაციის პოლიტიკის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძეც, თუმცა ის ყურადღებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილს ასოცირების ხელშეკრულებაზე ამახვილებს, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც უნდა ისარგებლონ:


“დეიზოლაცია, რაც შეიძლება დროულად არის საჭირო. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მაქსიმალური კავშირები გვინდა, ურთიერთობის თავიდან გაღრმავება. ამიტომაც ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ორმხრივი ინიციატივა იყო, რომ ასახულიყო მათ შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცე როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონის საქართველოს ტერიტორიებზე. მზად ვართ, რომ ყველა სიკეთე, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გველოდება, აისახოს საქართველოს ამ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

 

მათ ამ ხნის განმავლობაში, რაც ე.წ. დამოუკიდებლობა აქვთ, ძალიან კარგად იხილეს და იწვნიეს ის სირთულე და სიმძიმე, რასაც რუსული პოლიტიკის გატარება ჰქვია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათაც ბევრი რამ აქვთ გასაანალიზებელი, ბევრ საკითხზე უნდა დაფიქრდნენ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მზად ვართ კულტურული, ჰუმანიტარული, ადამიანური ურთიერთობები რაც შეიძლება დროულად აღვადგინოთ და ის სიკეთე, რაც აისახება ქუთაისში, ბათუმში, გორში თუ სხვაგან, აისახოს ცხინვალში, აისახოს სოხუმში და მთლიანად საქართველოზე,” – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოს მიერ წარმოებული იზოლაციის პოლიტიკა ხელს უწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას რუსეთზე, “ეს მათი არჩევანია”:

 

“ქართულმა სახელმწიფომ ძალიან საინტერესო ვარიანტი შესთავაზა ნეიტრალური პასპორტის სახით. ეს არ ნიშნავს არც საქართველოს მოქალაქეობის აღიარებას, არც რუსეთის მოქალაქეობის აღიარებას, ეს არის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული პრაქტიკა. თითქმის ყველგან კონფლიქტის ზონებში ადამიანები იღებენ ასეთ პასპორტს. ჩვენ არ გავჯიუტებულვართ, არ გვითქვამს, რომ საქართველოს პასპორტი აიღე, თუ არა და მკვდარი ხარ, ქვეყნიდან ვერ დაიძვრები და სხვა. ჩვენ ძალიან ცივილიზებული ფორმა შევთავაზეთ, დანარჩენი მათი არჩევანია.

 

საქართველო ძალიან წინ წავიდა იმ პოზიციებიდან, რომლებიც ოდესღაც ჰქონდა და მათ შესთავაზა ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციის, გასვლის, სწავლის, მკურნალობის, მუშაობის, ტურიზმის შესაძლებლობები ძალიან ცივილური ფორმით. ეს არ არის იზოლაციის პოლიტიკა, ეს სწორედ მათი გასვლისთვის ხელშემწყობი პოლიტიკაა, მაგრამ მათ ნაწილს ეს არ უნდა. ეს მათი არჩევანია. ეს არ არის იზოლაციის პოლიტიკა, ეს სწორედ მათი გასვლისთვის ხელშემწყობი პოლიტიკაა, მაგრამ მათ ნაწილს ეს არ უნდა. ეს მათი არჩევანია”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

იზოლაციის პოლიტიკის ჭრილში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც სოხუმი მოითხოვს, ეს აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხია, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილება. აფხაზურ პასპორტებს, როგორც არაღიარებული სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, მსოფლიო არ აღიარებს, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის გარდა, რომელთა შორის პირველია რუსეთი.

 

“პასპორტების აღიარება იგივეა, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღიარება”, – მიიჩნევს ვიქტორ დოლიძე და აგრძელებს – “ჩვენ რეალობას უნდა დავეფუძნოთ. ორი ვარიანტია, მათ მიიღონ ქართული პასპორტები და ჩვენ ამის დარიგებაზე უარს ნამდვილად არ ვეტყვით და როცა საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, მათზეც აისახება ეს, ან რაღაც ნეიტრალური ტიპის დოკუმენტის ძებნა მოგვიწევს. ამის განსახილველადაც მზად ვართ, მაგრამ ახლა აფხაზური პასპორტები ვცნოთ და ტერიტორიულ მთლიანობა ვაღიაროთ და ოფიციალურად გამოვაცხადოთ ოკუპირებული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამას ვერ ჩავიდენთ, ბუნებრივია.”


გია ვოლსკის თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც უკვე გადადგა საქართველომ, ეს ნეიტრალური პასპორტებია, რომელიც რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ამ დოკუმენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

 

“საქართველოში გაცემული ნეიტრალური პასპორტები, რომლებიც ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ აიღო, ეს არის ერთ–ერთი ნაბიჯი და რიგმა ქვეყნებმა ეს პასპროტები აღიარეს. ამის გარდა, არის სხვა რაღაცებიც, რაზეც წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება. დროული არ არის ამ თემაზე განცხადებების კეთება. ტერიტორია არის ოკუპირებული, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც შანსი უნდა მივცეთ, რომ არ იყვნენ იზოლირებული გარესამყაროდან”, – აცხადებს ვოლსკი.

 

“ის, რომ აფხაზები ითხოვენ პასპორტების აღიარებას, არ არის არგუმენტი. ჩვენც სულ ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზეთში მცხოვრებმა ხალხმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ აღიაროს ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია. ისინი იმას ითხოვენ, ჩვენ ამას, ეს არ არის არგუმენტი,” – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

 

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს მთავრობების ცვლილელების მიხედვით არ შეიცვლება:


“ქართულ სახელმწიფოს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს, რომელიც მკვეთრად გამოხატულია და მთავრობების ცვლილების მიხედვით არ იცვლება. ამ ქვეყანაში არ ვიცი არცერთი პოტენციური ხელისუფლება, რომელიც ხვალ–ზეგ მოვა ხელისუფლებაში და აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და შესაბამისად, მათ პასპორტებს, როგორც ლეგიტიმურ დოკუმენტს გადაადგილებისთვის. ეს არ მოხდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი