ახალი ამბები

2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

2 აპრილი, 2014 • • 1394
2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში, და ის 500-იდან 1 ბავშვს აღენიშნება. აუტიზმის მიზეზი დადგენილი არ არის.

 

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. აუტიზმის სიმპტომები, სპეციალისტების თქმით, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.

 

“აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი მიღებულ ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს და რეაგირებს. ჩვეულებრივ, აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი სხვაგვარად ამუშავებს შეგრძნებებით (მხედველობა, გემო, ყნოსვა,შეხება, სმენა) მიღებულ ინფორმაციას. თითოეული ეს შეგრძნება შესაძლოა იყოს ჰიპერ-სენსიტიური (ზედმეტად მგრძნობიარე) ან ჰიპოსენსიტიური (ნაკლებად მგრძნობიარე) და შეგრძნების ხარისხი შეიძლება იცვლებოდეს დღიდან დღემდე ან დღის განმავლობაში,”- წერია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აუტიზმთან დაკავშირებით.

 

2014 წელს ევროპის აუტიზმის ასოციაცია აწარმოებს კამპანიას, რათა აამაღლოს ევროპელების ცნობიერება, რომ აუტიზმით მცხოვრები მოზარდები საჭიროებენ განათლებას და დასაქმებას. 


რა არის ამისთვის საჭირო:


განათლება – იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ აუტიზმით, მოახერხონ საზოგადოებაში ინტეგრაცია და გახდნენ მისი აქტიური წევრები, აუცილებელია უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რომლებიც გაითვალისწინებენ ამ ადამიანების მოთხოვნილებებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სკოლის შემდგომი პროფესიული განათლების კურსების შექმნას და პოპულარიზაციას.

 

სამუშაო – კვლევებმა აჩვენა, რომ 76-90% აუტიზმით მცხოვრები ადამიანებისა უმუშევარია;

 

უნიკალური უნარები – აუტიზმით მცხოვრებ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური უნარები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალი ხარისხის სამუშაოების შესასრულებლად, რაც ფასეულია მათი დამსაქმებლისთვის;

 

ინვესტიცია – საჭიროა მთავრობის და კერძო სტრუქტურების ინიციატივა, რათა მოხდეს აუტიზმით მცხოვრები ადამიანების განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება.

 

სოციალური ინტეგრაცია – აუტიზმით მცხოვრები ადამიანები ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციას. განათლება და დასაქმება საშუალებას მისცემს მათ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ქონდეთ საზოგადოებასთან და არ იყვნენ დამოკიდებულები ოჯახსა და სოციალურ დახმარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი