ახალი ამბები

ხმალაძე ხასაიას პერფორმანსზე: უწესობის გამოსწორება უწესობით არ შეიძლება

25 მარტი, 2014 • • 1243
ხმალაძე ხასაიას პერფორმანსზე: უწესობის გამოსწორება უწესობით არ შეიძლება

ვახტანგ ხმალაძის თქმით, გიორგი ხასაიამ პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია:

 

“ეს იყო პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა, რაც ამ პირმა გააკეთა. ერთი, რომ სიტყვის მოთხოვის გარეშე დაიწყო ლაპარაკი, დაიწყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომელიც არ ეხებოდა საერთოდ განსახილველ საკითხს. როდესაც მოვთხოვე გამოერთო მიკროფონი, მან არ გამორთო, არ გაჩუმდა და მე მოვიწვიე მანდატური, რათა გაეყვანა ეს პირი დარბაზიდან. მან დაარღვია წესრიგი.”

 

კითხვაზე, მოითხოვს თუ არა ის, რომ გიორგი ხასაიას ადმინისტრაციული წესით პასუხი აგებინონ, დეპუტატი პასუხობს:

 

“არა, მე არ დავაყენებ ამ საკითხს, არც დამიყენებია. დავატოვებინეთ სხდომის დარბაზი.”

 

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პროტესტის საგანზე და ხდება თუ არა დეპუტატის მხრიდან მწერლის მარგინალიზაცია, ხმალაძე პასუხობს, რომ ყველაფერი წესისამებრ უნდა მოხდეს:

 

“მას რა უნდოდა ამ ყველაფრით ეთქვა, ეს ერთია, მაგრამ როცა გინდა რაღაც, ისე უნდა გააკეთო, როგორც წესი ადგენს და არა უწესოდ. რაიმე უწესობის გამოსწორება უწესობით არ შეიძლება, ვერც წესიერებას აღადგენ უწესობით. აი, ეს არის.”

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე “ირიბი მოქმედების კიბერ–თეატარის” წარმომადგნელმა გიორგი ხასაიამ ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან “მელია-ტულეფია” ამონარიდები წაიკითხა. გიორგი ხასაიას თქმით, მან ამ ფორმით მწერლის დეპუტატების მხრიდან მარგინალიზაციის მცდელობა გააპროტესტა. ზურაბ ქარუმიძე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის ელჩად წარდგენილ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი იყო, თუმცა მისი მისამართით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ქარუმიძის კანდიდატურა აღარ განხილულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი