კომენტარი

ორჰან ფამუქი და მორალისტების ქალაქი

17 მარტი, 2014 • 2930
ორჰან ფამუქი და მორალისტების ქალაქი

 

მორალისტებს უყვართ კლიშეები. ასე ცხოვრება ადვილია, რაც უფრო ძველია კლიშე, რაც უფრო მიახლოებულია შუა საუკუნეების სტერეოტიპებს, მით უკეთესი. კლიშეებით ცხოვრება აზროვნების ველს სპობს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის მორალისტებისთვის, ეს არის გაბატონებული აზრი და კეთილი ინებე და დამორჩილდი, ახლა შენი ინდივიდუალიზმისთვის ჩვენ სად გვცალია.

 

 

ორჰან ფამუქს, თანამედროვეობის უდიდეს მწერალს, ძალიან უყვარს თბილისი, მაგრამ ის არ არის მორალისტი მწერალი. ამიტომაც მას არ შეიძლება მოსწონდეს და უყვარდეს ისეთი თბილისი, როგორიც გასულ კვირას ნახა. ისიც არ ვიცი, ფაქტობრივად, მან რა ნახა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რასაც ნახავდა, ყველგან წააწყდებოდა სწორედ ამ არქაული კლიშეებით გაჯერებულ მორალიზმს.

 

 

ფამუქს უყვარს თბილისი, როგორც დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტი, ცივილიზაციური ქალაქი, საიდანაც მოდის სტამბოლში პერსპექტივის ხედვა, მხატვრობის ახალი სკოლა, რომელიც დასავლურია და პროგრესული, რომელმაც უნდა დაძლიოს სამყაროს სიბრტყული აღქმა. ასეთ თბილისს აქვს ფუნქცია, თორემ რა ფასი აქვს ქალაქს, რომლის მცხოვრებთაც აქვთ ქრისტიანობის ორგანზომილებიანი აღქმის სურვილი – უნდა შეეხო წმინდანადშერაცხული ადამიანის სხეულს და ასე ირწმუნო. ასეთი თბილისი უინტერესოა, მეტიც, რეგრესული.

 

 

ფამუქს არწმუნებენ, რომ „უმანკოების მუზეუმი“ თბილისელების საყვარელი რომანია. „უმანკოების მუზეუმი ფამუქსაც ძალიან უყვარს, უყვარს ფუსუნის ვნებით, სილაღით, გარყვნილების ზღვრამდე მისული სიგიჟით და სჯერა, რომ ასეთადვე აღიქვამს ამ რომანს თბილისელი მკითხველი, თუმცა ინტუიციით ხვდება, რომ მისი სტუმრობის დღეებში ამ ქალაქში ყველაზე აქტუალური თემა თინას გამომწვევი ინტერვიუა, რომ თინა არ არის ფუსუნი და რომ ასეთ მორალისტურ ქალაქში არასდროს გაკეთდება უმანკოების მუზეუმი.

 

 

ფამუქს ხიბლავს თბილისის მრავალფეროვანი სივრცე. ეს აქცევს ამ ქალაქს ყველა ეპოქაში დიდ ქალაქად. ის ვერ პატიობს თანამედროვე თურქს სომხის, ებრაელის, ბერძენის მიმართ გამოჩენილ სიძულვილს და ახედებს მას შუასაუკუნეების თბილისის ტოლერანტობისკენ, თუმცა ის აუცილებლად იგრძნობდა დღევანდელ მორალისტურ თბილისში არმენოფობიასაც, თურქოფობიასაც და ანტისემიტიზმსაც. არა იმიტომ, რომ მას ამის შესახებ ესაუბრნენ, არამედ იმიტომ, რომ მორალისტური ქალაქი ფობიებით ცხოვრობს, ზუსტად ისე, როგორც გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ყარსი. ყარსიც ძალიან უყვარს ფამუქს.

 

 

სწორედ იმ დღეს, როდესაც ორჰან ფამუქი თბილისს ეწვია, დავასრულე აკა მორჩილაძის ბოლო რომანის კითხვა. „მორიდებული ზურმუხტი“ არის აკას ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, რომელსაც არ წაიკითხავენ მორალისტების ქალაქში, რადგან ისტორიის ასეთი დემითოლოგიზაცია და „კაიფი“ ირაციონალურ ხედვებზე დამღუპველია მორალისტური საზოგადოებისთვის. არც ოთარ ჭილაძეს კითხულობს მორალისტური თბილისი და არც ჯემალ ქარჩხაძეს. რომ წაეკითხა, ალბათ, მოდერნიზაციის შინაგანი მოთხოვნილება გაუჩნდებოდა. მორალისტური ქალაქი მუდმივად ეძებს ზნეობრივ გმირს, თუმცა მას ხელში შერჩება ისეთი უმორალო გმირი, როგორიც დათა თუთაშხიაა.

 

 

„მოიცა, ეგ ის ფამუქი არ არის, ქართველი ქალები სულ ბოზებად რომ ჰყავს გამოყვანილი“, – ნიშნით მომიგო ჩემმა ახლობელმა, რომელთანაც დავიჩივლე, რომ ფამუქის საჯარო ლექციაზე მოსაწვევი ვერ ვიშოვე. მორალისტური ქალაქის ამოძახილია ეს რეპლიკა.

 

 

ორჰან ფამუქი დიდი მწერალია და დარწმუნებული ვარ, რომ მას ისე უყვარს თბილისი, რომ იგი აუცილებლად დაწერს რომანს, მოთხრობას, ან თუნდაც ესსეს ამ ქალაქზე, რომელიც ყოველთვის იყო პროგრესული და გამომწვევი, და დღეს არის მორალისტური და ყოველივეს, საკუთარ თავსაც კი აღიქვამს სიბრტყეზე, მხოლოდ ორ განზომილებაში.

 

 

მე მიყვარს სწორედ დროის მსწრები თბილისი. 

 

 

მადლობა ორჰან ფამუქს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი