ახალი ამბები

უმრავლესობა დვალის ან მაღრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას უარყოფს

9 მაისი, 2013 • 1262
უმრავლესობა დვალის ან მაღრაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, ამ დროისთვის სავარაუდო საპრეზიდენტო  კანდიდატების იმდენი გვარი გავრცელდა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელი ხდება:


“გვარები გავრცელებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენია, რომ მათზე რაიმე სერიოზული კომენტარი შეუძლებელია. მე ყველას ვთხოვ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, დაველოდოთ რამოდენიმე დღე. პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია რამოდენიმე დღეში ამ საკითხზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გამოვაცხადებთ ამ გადაწყვეტილებას. მანამდე მიმდინარე განხილვები მედიაში თუ სხვა წრეებში არის მისასალმებელი, მაგრამ კომენტარის გაკეთება ამაზე გამიჭირდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა თბილისის პარლამენტის შენობაში ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ.


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მას ამ კანდიდატების დასახელების შესახებ არაფერი სმენია:


“როცა დასახელდება “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი, ის გახდება კიდევაც პრეზიდენტი იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დღეს მანდატი და ეს იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება დათო მაღრაძეს, ის ჩემი მეგობარია, გია დვალს დიდ პატივს ვცემ, როგორც მეცნიერს, მაგრამ მე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ისინი დაესახელებინოს კანდიდატებად. ინფორმაცია როცა ვრცელდება, წყაროც უნდა იყოს მითითებული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


უმრავლესობის წებრი მანანა კობახიძე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს:


“მე ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ, არ გამიგია და არ ვიცი. ამ ინფორმაციას უშუალოდ გააჟღერებს ბატონი პრემიერი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატი იქნება კონსენსუსის გზით შერჩეული, ღირსეული ადამიანი, რომელიც გაუწევს ღირსეულ კონკურენციას ნებისმიერ სხვა კანდიდატს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

“ვისი გვარიც მესმის და ხვდება ყურადღების ქვეშ, ყველაზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ საქებარი სიტყვებით, მაგრამ ბევრი ისეთი გვარი დასახელდა ამ დღეების განმავლოაბში, რომელიც მართლა არ მსმენია დისკუსიის ფორმატში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, თუკი დისკუსიის პროცესში არ მსმენია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კანდიდატები არ განიხილებიან, შესაძლოა განიხილებოდნენ კიდეც”, – აცხადებს ეკა ბესელია ბესელია.

“მე ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, კანდიდატს უახლოეს მომავალში დავასახელებთ და ეს იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გია დვალი და დავით მაღრაძე საპრეზიდენტო კანდიდატებად განიხილებიან, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი