ახალი ამბები

რა შეზღუდვებს აწესებს ცესკო მედიისთვის ახალი დადგენილებით

23 სექტემბერი, 2012 • 1277
რა შეზღუდვებს აწესებს ცესკო მედიისთვის ახალი დადგენილებით

მუხლი I: კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან – დილის 7 საათიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუების ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის თანხმობისა და კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობის შესრულების შეფერხების გარეშე.

2. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ფარული ფოტო–ვიდეოგადაღება, ასევე, კენჭისყრის კაბინისა და კენჭისყრის შენობის შესასვლელ-გამოსასვლელებში ფოტო–ვიდეოგადაღება.

 

მუხლი II: კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტო–ვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესში ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. ფოტო–ვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან;

2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტო–ვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ სამი მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან ობიექტამდე;

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა და მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილის სამაგიდო ვერსია.

 

მუხლი III: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის ხმის მიცემის პერიოდში ფოტოვიდეოგადაღება განიხილება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლად, მათ შორის ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლად, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი  შემთხვევებისა:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბანში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ.  (წყვეტს კომისიის თავმჯდომარე), აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეო გადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან;

2. ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეო გადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 5 წუთისა. ასეთი შემთხვევის მოთხოვნის შემთხვევაში საუბნო სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წინასწარ გააფრთხილებს იმ დროისთვის კენჭისყრის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს, ვიდეოგადაღების დაწესების თაობაზე და თუ ყველა ამომრჩეველი განაცხადებს თანხმობას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ფოტო ვიდეოგადაღების განხორციელება. აღნიშნულ პერიოდში საარჩევნო უბანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 2 პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ფოტოვიდეოგადამღები აპარატურა. 

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ ინფორმაცია, რის შესახებაც აღენიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;

5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი