ახალი ამბები

უფასო სასადილოებში უსახლკაროების მისაღებად ემზადებიან [VIDEO]

13 თებერვალი, 2012 • 1100
უფასო სასადილოებში უსახლკაროების მისაღებად ემზადებიან [VIDEO]

თბილისის რაიონული სასადილოები იმ ადამიანების მისაღებად ემზადებიან, რომლებსაც ღამის გასათევი არ აქვთ.

ყინვის პერიოდში გარეთ დარჩენილ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, ამინდების გამოსვლამდე რაიონული უფასო სასადილოების ტერიტორიაზე შეიფარებენ.

სასადილოებში მზადება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის უფასო სასადილოში დღეში 400–მდე ადამიანისთვის მზადდება სადილი, როგორც რაიონის გამგებლის მოადგილე აკაკი დარასელია აცხადებს, რთულ პერიოდში მათ შეუძლიათ სადილი და ღამის გასათევი გაცილებით მეტ ადამიანს მისცენ:

“ამჟამად გვაქვს სამი საწოლი, მაგრამ რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ, თუმცა ჯერჯერობით ასეთი მომართვა გამგეობის მიმართ არ ყოფილა”

აკაკი დარასელიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საწოლები დიდ სასადილო ოთახში დაიდგმება და 100–მდე ადამიანისთვის შეეძლებათ ღამის გასათევის მიცემა.

ჯერჯერობით საწოლები არ დაუდგამთ ძველი თბილისის რაიონის უფასო სასადილოში, როგორც გამგეობის მთავარი სპეციალისტი ვიქტორია კორნეევა აცხადებს, გამგეობამ საწოლები უკვე შეიძინა და მათ ბენეფიციარების მიღება ამაღამვე შეეძლებათ. სასადილოში საკვების დამატებითი მარაგიც მიიტანეს.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრები დღეიდან ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით იხსნება.

მერიის ინფორმაციით, თავშესაფრები მანამდე გააგრძელებენ ფუნქციონირებას, სანამ ყინვები არ დამთავრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი