08.09.2012

წარწერა „წართმეულია“ - ამჯერად ქიბარ ხალვაშისთვის ჩამორთმეული კომპანიის შენობის ფასადზე

ბიზნესი,

დაჩი ცაგურიას საინიციატივო ჯგუფის აქცია, სახელწოდებით - „წართმეულია“ - 7 სექტემბერს ქიბარ  ხალვაშისთვის  ჩამორთმეული „არტი ჯგუფის“ ცენტრალურ ოფისთან გაიმართა.

„არტი ჯგუფის“ შენობაზე, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე მდებარეობს, აქციის მონაწილეებმა გააკეთეს წარწერა „წართმეულია“.

 

უფლებადამვცელი  და  აქციის “წართმეულია” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშისთვის ბიზნესის წართმევაში ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი ("გალფის" თანამფლობელი),  ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა.

 

„არტი ჯგუფის“ და ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“–ისა და „მზის“ წილის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიზნესების წართმევის შესახებ და მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე „ბათუმელებისთვის“ 2011 წლის  დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობდა:

 

„5 მილიონი კი არა მთელი ჩვენი აქტივები ჩავდეთ და მოვშორდით მაქაურობას. 5 მილიონი არ გადამიხდია. ერთ-ერთი კომპანია, რომლის ვალიც გააჩნდა სახელმწიფოს, დასათვლელი იყო ეს ვალი, მაგრამ დაახლოებით 14 მილიონს აღწევდა, ის გადავუფორმეთ. მაგის ნაცვლად გამოუშვეს ჩემი ძმა და ერთ-ერთი ჩემი კომპანიის დირექტორი. ჩემი კომპანია თითქოს სახელმწიფომ წაიღო, მაგრამ ბევრი გადარიცხვა-გადმორიცხვის შემდეგ თანხა მათთვის სასურველ ანგარიშებზე დასვეს. მაგის დამადასტურებელი ყველა საბუთი მაქვს. მაგ საბუთების გამკეთებელს ჩემს ძმაზე უარესი ცხოვრება შეხვდება, არაფერს ვაპატიებ.“

 

კომპანია, „არტი ჯგუფი“ რომელიც 1996 წელს დაფუძნდა,  საქართველოში  Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი იყო.  2007 წლის  24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახსნა–განმარტების გარეშე დალუქა. მოგვიანებით კომპანია საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

 

2007 წლის დეკემბერში „არტი ჯგუფის“ საწყობები დაიწვა და კომპანიისათვის მიყენებულმა ზარალმა 7 მილიონი დოლარი შედგინა.   

 

ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ  ხელისუფლებამ მისი კომპანიები უკანონოდ დააყადაღა და გააკოტრა, მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა.

 

2007 წლის სექტემბერში დააპატიმრეს „არტი-ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „არტის“ ხელმძღვანელი გურამ გოგუა, რომელსაც  ფულის გაფლანგვაში ედებოდა ბარალი. საქმე ეხებოდა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობისას სამხედრო ბაზების მშენებლობის დროს თანხების გაფლანგვას.

 

"არტი ჯგუფის" ქონება აუქციონზე 2009 წლის ივნისში გაიყიდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, "არტი ჯგუფი" ინვესტორს ამოფარებულმა ხელისუფლებამ იყიდა.

 

დაყადაღდა და აუქციონზე გაიყიდა  შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი“, შპს “არტი ჯგუფის” და შპს “პრიზას” ქონება. საგადასახადო შემოწმებით შპს “არტი ჯგუფს” სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 23 000 000 (ოცდასამი მილიონი) ლარი, შპს „პრიზას“ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, ხოლო შპს „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანიას“ 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის ოდენობით დაერიცხა.

 

ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ქონების აუქციონზე გატანის პროცესი კანონიერი მესაკუთრის უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა:

 

„ზემოაღნიშნული დავალიანებები ნათლად მიუთითებს სახელმწიფო ხელისუფლების სურვილზე, გაანადგუროს ქიბარ ხალვაშის ბიზნესი და გადასცეს თავის ერთგულ ბიზნესმენს”.

 

ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიებში "რუსთავი 2" -სა და "მზე"-ში მისი კუთვნილი წილები ჩამოართვეს. ეროსი კიწმარიშვილთან გარიგების შემდეგ, ქიბარ ხალვაში ფლობდა "რუსთავი 2"-ის 100%-ან წილს, ასევე ტელეკომპანია "მზე"-ში მთლიანი წილის 78 პროცენტს. ხალვაში ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო მოთხოვნით, მას ორივე ტელეკომპანია დაათმობინეს და სხვა კომპანიებს გადასცეს. ამ საკითხის გამოძიებას ხალვაშთან ერთად კომპანიის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილიც ითხოვს.

 

გერმანიაში ემიგრირებული ქართველი ბიზნესმენი ქიბარი ხალვაში, რომელიც საქართველოში არც ერთ  აქტივს აღარ ფლობს,  „არტი ჯგუფის“ ქონებაზე სასამართლო დავას  საერთაშორისო სასამართლოში აგრძელებს.

 

წინა აქციის ფარგლებში, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართა, დაჩი ცაგურიას საინიციატივო კგუფმა წარწერა - "წართმეულია" ჭავჭავაძის 44–ში მდებარე კომპანია “ალბატროს დელუქსის” მფლობელობაში არსებული “ალბატროსის” მაღაზიასთან დატოვეს, რომელიც შვეიცარიაში გაქცეული ბიზნესმენის დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში იყო.