აჭარა ორი მილიონი ტურისტის მოლოდინში
აჭარაში - ბათუმში, ქობულეთში, ხულოსა და შუახევში - 273 სასტუმროა, სადაც, ჯამში, 10 038 ადგილია. ანუ ერთ ჯერზე სწორედ ამდენი ტურისტის მიღება შეუძლია აჭარას, თუ ტურისტები სასტუმროში გადაწყვეტენ დაბინავებას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს აჭარას, სავარაუდოდ, ორი მილიონი ტურისტი ეწვევა. „მილიონ რვაასი ათასიდან ორ მილიონამდე ტურისტს ველოდებით. მარტო იანვრიდან დღემდე 395 ათასი ტურისტია შემოსული,“ - გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა სოფო გუჯაბიძემ.
მისი თქმით, აჭარით ასეთი დაინტერესება იმ სარეკლამო კამპანიების შედეგია, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთელი წლის მანძილზე აწარმოებდა.
„იანვრიდან დღემდე მონაცემები რომ ავიღოთ, შარშანდელთან შედარებით გვაქვს 53 % ზრდა. შიდა ტურიზმზე უფრო მეტი მაჩვენებელი უცხოელ ტურისტებს აქვს. კიდევ უფრო გაიზარდა ტურისტების რიცხვი უკრაინიდან, ისრაელიდან. იმ მონაცემით, რაც დღეს გვაქვს, თითქმის 80 %-ით არის გაზრდილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ასევე ემატება ამ სიას ყირგიზეთი, ესტონეთი, მოლდოვეთი, ბელორუსია,“ - ამბობს სოფო გუჯაბიძე.
„ცოტა საეჭვოა ეს ციფრი. ტურისტებს ესენი უწოდებენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოდის აჭარაში. მათ შორის მათაც, რომლებიც საქმეზე ჩამოდიან. ბევრია ორ-სამდღიანი კონფერენციები, რაზეც ადამიანები მოდიან საქმიანი ვიზიტით. ამიტომ მათ ტურისტებად ვერ მივიჩნევთ,“ _ აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.
არის თუ არა საკმარისი ადგილი 2 მილიონი ტურისტის მისაღებად აჭარაში? ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, მთლიანად რეგიონში 273 სასტუმროა, აქედან 89 - ბათუმში, 112 - ქობულეთში, 35 - ჩაქვში, 31 _ ხულოში, ხოლო 6 _ შუახევში. ამ სასტუმროების სიაში არ შედის ორი სასტუმრო ბათუმში, რომელთაგან ერთი ახლახან გაიხსნა, მეორეს გახსნა კი ამ სეზონზეა დაგეგმილი. სად უნდა განთავსდეს ორი მილიონი ტურისტი? ამ კითხვაზე ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ეს ციფრი არა საზღვაო სეზონის, არამედ მთლიანად მთელი წლის მონაცემი იქნება.
„ჩვენი დეპარტამენტის მთავარი მიზანი არის, ტურიზმი აჭარაში აღარ იყოს სეზონური. ამაზე ვმუშაობთ ბოლო წლებია. საზღვაო სეზონი კი აქტიურდება, მაგრამ ის მონაცემი, რაც ჩვენ წლის ბოლოს გვაქვს, არის მთელი წლის მონაცემი. ვეღარ ვიტყვით, რომ მარტო ივლისი და აგვისტო არის სეზონი, ახლა რა მონაცემებიც გვაქვს, მაისი და ივნისი, გასულ წელთან შედარებით ფაქტობრივად აქტიურ სეზონს ესაბამება. მაისიდან უკვე სეზონი დაიწყო,“ - ამბობს სოფო გუჯაბიძე.
გარდა სასტუმროებისა, ტურისტებს იღებს კერძო სექტორიც, რომელიც ამ დრომდე შესწავლილი არაა, ამიტომ რთულია განსაზღვრო, რა ოდენობის ტურისტის განთავსებაა შესაძლებელი აქ.
„ტურისტების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩერდება სასტუმროებში, ძალიან ბევრი გასაჩერებლად ოჯახს ირჩევს. თუმცა ორი მილიონი ადამიანის განთავსება სამთვიან სეზონში ძალიან გაუჭირდება რეგიონს. მაშინაც კი, ოჯახები და სასტუმროებიც მაქსიმალურად რომ დაიტვირთოს. ამიტომ ეს ცოტათი არარეალურად ჩანს. ამასთან, ტურისტებს ძირითადად მაინც უფრო იაფფასიანი საოჯახო სასტუმროები იზიდავთ, ვიდრე ფეშენებელური სასტუმროები. ბოლო პერიოდში აჭარაში ძვირადღირებული სასტუმროები შენდება, რომელზე მოთხოვნაც ტურისტების მხრიდან შედარებით ნაკლებია. ამიტომ თუ ტურისტების რაოდენობა ამდენია, ასეთ შემთხვევაში წესით უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს საოჯახო და მცირე სასტუმროების მშნებელობა“ - ამბობს დავით ნარმანია.

კომენტარი