გილაური: რუსეთის ბაზრის დაბრუნება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
"მომავალი 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი მიმართულებაა - აშშ-თან ვაჭრობის ხელშეკრულება, რუსეთის ბაზრის გახსნა და ნატოში გაწევრიანება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
გილაურმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში დღეს, 31 მაისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც სასტუმრო "რედისონში" ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო შეხვედრა გახსნა.
ნიკა გილაური
შეხვედრაში, რომელიც ეფუძნება ევროპული ფონდის მიერ 2012 წლის დასაწყისში ჩატარებულ კვლევას, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისა და სამიზნე ბაზრების შესწავლის მიზნით, 30 ქვეყნის ფინანსური სექტორის, მცირე და საშუალო ფონდის წარომადგენელი მონაწილეობს. შეხვედრის მთავარი ამოცანაა, გააღრმავოს დიალოგი და თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებს შორის.
წლიური შეხვედრა თბილისში გილაურთან ერთად გახსნეს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა დირკ ნიბელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ნიკა გილაურის თქმით, რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო გაქართულდება ევროპა:
"ეს არის ყველაზე დიდი მიკროსაფინანსო ფონდი მსოფლიოში და საქართველო ერთ-ერთი მთავარი წილის შემტანია ამ ფონდის პორტფელში. საქართველო ჩამოყალიბდა რეგიონულ ცენტრად. ჩვენ მეზობლად გვყავს აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობით არის მდიდარი; სომხეთის ნიშა არის დიასპორა; თურქეთი კი გამოირჩევა სწრაფი განვითარებით. ჩვენც ვიპოვეთ ჩვენი ნიშა და გავხდით რეგიონული ცენტრი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის თქმით, საქართველოს მთავარი მიღწევაა კარგი საბანკო რეგულაციები, ამიტომ 2009-11 წლებში, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი თქმით, არც ერთი ბანკი არ გაკოტრებულა.

კომენტარი