ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო: უსუფაშვილის განცხადება აღიქმება მოსამართლეებზე ზეწოლის წახალისებად

21 სექტემბერი, 2015 • • 1263
საკონსტიტუციო სასამართლო: უსუფაშვილის განცხადება აღიქმება მოსამართლეებზე ზეწოლის წახალისებად

“როგორც მოგეხსენებათ, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებდა აგრესიულ ხასიათს, რომელზეც ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას. 

 

ხშირ შემთხვევაში აქციების  ორგანიზატორებისთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებთან ორგანიზებული აქციის დროს თავად მოსამართლეები იქ არ იმყოფებოდნენ და, ამდენად, მუქარისა და ანგარიშსწორების  ადრესატები ხდებოდნენ მოსამართლეთა ოჯახის წევრები. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

 

ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც  მოსამართლეებს მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმული იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება. 

 

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. ყველასთვის გარანტირებულია კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეული მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და უსიამოვნო. ამავე დროს  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს.  

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

 

საკონსტიტიციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რის შედეგად უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მოქალაქეების ჯგუფი პერმანენტულ აქციებს მართავს.

 

საკონსტიტუციო სასამართლო მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე და დაიცვან თავინთი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება.

 

დღეს ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

 

“საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ეს თქვან და ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. და მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი