ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული პროგრამა და დაზოგილი 1.4 მილიარდი ლარი

10 ივნისი, 2015 • • 1524
“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული პროგრამა და დაზოგილი 1.4 მილიარდი ლარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული პროგრამის მთავარი პრინციპებია გადასახადების დაწევა, ადამიანების დასაქმება, რეგულაციების გამარტივება ბიზნესისთვის, მოსახლეობის პირდაპირი დახმარებების დანიშვნა.

 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ამ ნაბიჯების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,4 მილიარდი ლარი დაიზოგება.

 

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უნდა გაუქმდეს მოგების გადასახი და ამის ნაცვლად დაწესდეს 15%-იანი გადასახადი გაცემულ დივიდენდზე. ასევე, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე უნდა შემცირდეს.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავების 60% სწორედ მოგების გადასახადთან დაკავშირებით წარმოებს.

 

ჭიაბერაშვილის თქმით, ბიზნესს, უბრალოდ, ფინანსური შეღავათი კი არ მიეცემა, არამედ მოეხსნება საგადასახადო ორგანოებთან დღეს არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი წილი. მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს მოეხსნება პასუხისმგებლობა ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე.

 

“თუ ბიზნესს ეუბნები, რომ მოგების გადასახადს საერთოდ აღარ ვეძებ, ამ დათვლაში აღარ შედიხარ და, შესაბამისად, ბიზნესი იღებს მესიჯს, რომ სახელმწიფოს კეთილი ნება კი არაა მოგების გადასახადის დაწევა, არამედ მეუბნება, რომ ამ სფეროს აღარ შევეხები, ეს დიდი სტიმული იქნება”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

პარტიის განცხადებით, საგადასახადო ადმინისტრირების მასშტაბური რეფორმა ბიზნესგარემოს პროგნოზირებადს გახდის, ხოლო ბიზნესს – დაცულს.

 

პროგრამის მიხედვით, საგადასახადო დავების დეკრიმინალიზება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება და სრული ამნისტია გამოცხადდება.

ნაციონალური მოძრაობის თვალთახედვით, გაუმართლებელია საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი. მის ნაცვლად ისინი ფიქრობენ, რომ შემოიღონ მიზნობრივი პროგრამა – დაეხმარონ მათ, ვისაც სჭირდება.

თანხების დაზოგვის კიდევ ერთ საშუალებას “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტისა და ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე ხედავს.

ზურაბ ჭიბერაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს ისე უნდა მისცეს ფულადი დახმარება, რომ ბენეფიციარმა თავად განსაჯოს, რაში და როგორ დახარჯავს ამ თანხას, ნაცვლად კონკრეტული სასოფლო სამეურნეო პროგრამებისა, რომელიც ჭიაბერაშვილის თქმით, ჩინოვნიკების გავლით სრულად არ მიდის მოსახლეობამდე.

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკრიზისული პროგრამის მიხედვით, სოფელში მცხოვრებ 500 ათას ადამიანს სახელმწიფო დაეხმარება და თან მოხდება თანხების რაციონალურად გამოყენება.

გიორგი ხიშტოვანი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების კოორდინატორი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზებული პროგრამა საინტერესოა და გულისხმობს რადიკალურ ცვლილებებს დღევანდელი ეკონომიკის მოდელში.

თუმცა ხიშტოვანს უჭირს შეაფასოს კონკრეტულ საკითხებში ცვლილებების წარმატებულობა, სანამ არსებული პროგრამების ეფექტიანობას შეისწავლის.

ხიშტოვანის შეფასებით, ოპოზიციური პარტია სოფლის მეურნეობას მინიმალისტურ დახმარებას სთავაზობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არანაირი პროგრამა არ იქნება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ეხმარება სოფლის გაჭირვებულ მოსახლეობას.

გიორგი ხიშტოვანი ჯანდაცვის პროგრამას აფასებს კრიტიკულად. მისთვის მოსაწონია, რომ პროგრამა მიზნობრივი გახდება, მაგრამ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, თუ რამდენად საკმარისი იქნება შეძლებული მოსახლეობის არდაფინანსებით გამოთავისუფლებული თანხები მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაცია. 10.06.2015
ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაცია. 10.06.2015

ნაციონალური მოძრაობის წევრ გიგა ბოკერიას თქმით, ჯანდაცვის საკითხში ამ გადათამაშების შედეგად რამდენიმე ასეული მილიონი დაიზოგება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ შეძლებული ადამიანების რა ნაწილი გამოირიცხება საყოველთაო ჯანდაცვიდან.

თუმცა, ბოკერიას თქმით, სოციალური პროგრამების გაზრდის ძირითად წყაროდ მოაზრებულია ბიუროკრატიული პროგრამების გაუქმება და სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯების დრამატული შემცირება და მიზნობრიობის შემოღება.

ბესო ნამჩავაძე, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” წევრი ამბობს, რომ მოგების გადასახადის გაუქმებას ცალსახად დადებითი ეფექტი ექნება ეკონომიკის განვითარებისთვის.

“პროგრამა საკმაოდ ამბიციურია და შეიძლება პრაქტიკაში განხორციელება ასე იოლი არ იყოს, როგორც თეორიული მომზადება”, – ამბობს ნამჩავაძე.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სხვადასხვა სპეციალისტთან და ეკონომისტებთან გამართეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას გამართავენ ბიზნესწრეებთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი