ტექნოლოგიები

Google-ის დახმარება ბავშვთა პორნოგრაფიით დაინტერესებულ ქართულენოვან მომხმარებლებს

5 მაისი, 2015 • • 3497
Google-ის დახმარება ბავშვთა პორნოგრაფიით დაინტერესებულ ქართულენოვან მომხმარებლებს

საკმარისია გუგლის საძიებო სისტემაში ქართული შრიფტით ფრაზა – “ქართველი ბა…” აკრიფოთ, რომ სისტემა ძებნის გაგრძელების ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებთ: “ქართველი ბავშვების პორნო”. ეს არ ნიშნავს, რომ ამ შინაარსის ამსახველი მასალები ინტერნეტში აუცილებლად არსებობს. ძებნაში დახმარების ასეთ მეთოდს გუგლი “Autocomplete”-ს ეძახის.


სქრინშოტი დესკტოპიდან
სქრინშოტი დესკტოპიდან

სქრინშოტი მობილურიდან
სქრინშოტი მობილურიდან

 

“როდესაც ძებნის ველში რაიმეს წერ, შენ შეგიძლია სწრაფად მიიღო ინფორმაცია ძებნის სავარაუდო ობიექტის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, იყოს ისეთივე, რასაც ველში ეძებ. მაგალითად, თუ ველში შეგყავს ფრაზა ნიუ იორკი, შენ შესაძლოა ნახო ნიუ იორკთან დაკავშირებული სხვა პოპულარული ძებნის ობიექტები”, – ასე განმარტავს Google  Autocomplete”-ს არსს support.google.com-ზე.


სქრეინშოტი გუგლიდან
სქრეინშოტი გუგლიდან

 

რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოაქვს გუგლს ის ვარაუდები, რომელსაც ინტერნეტში რაიმე ძებნისას მომხარებლებს სთავაზობს, იმავე საიტზე ვკითხულობთ:

 

“Autocomplete-ის პროგნოზები ავტომატურად გენერირდება ალგორითმის მიერ ადამიანის ჩარევის გარეშე. ალგორითმი დაფუძნებულია არაერთ ობიექტურ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, რამდენად ხშირად ეძებდნენ სხვები სიტყვას”.

 

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინე სტალინსკი ამბობს, რომ ის, თუ რას შემოგთავაზებს გუგლის საძიებო სისტემა ძებნის სავარაუდო ობიექტად მას შემდეგ, რაც საძიებო ველში გარკვეულ სიმბოლოებს შეიყვან, დამოკიდებულია რელევანტურობაზე, რასაც როგორც საიტები, ასევე მომხმარებლები ქმნიან თვითონ.

 

“საიტებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შესაძლოა, ვებგვერდებზე ქართველი ბავშვები და პორნო ძალიან ხშირად წერია ერთად, ქართული შრიფტით, შესაძლოა სხვა სიტყვებთან ერთად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაილი მაინცდამაინც არსებობს, შეიძლება არც არსებობდეს და ვინმეს  სარეკლამო ხრიკი იყოს, რათა მომხმარებლები შეიტყუოს ვებგვერდზე”, – ამბობს სტალინსკი. “ქართველი ბავშვების პორნოზე” დაკლიკებისას გუგლმა 20 700 შედეგი მოძებნა.

კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც “ქართველი ბა”-ს ჩაწერის შემდეგ გუგლმა ძებნის გაგრძელება “ქართველი ბავშვების პორნოთი” შემოგვთავაზა, სტალინსკის თქმით, სწორედ ის არის, რაც support.google.com-ზე წერია, ანუ ადამიანები ქართველ ბავშვებთან კორელაციაში ყველაზე ხშირად პორნოს ეძებდნენ და სისტემამ ავტომატურად დაიმახსოვრა.

 

უცნობია, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა და რა სიხშირით სცადა გუგლის საძიებო სისტემაში “ქართველი ბავშვების პორნოს” მოძებნა. გუგლმა ნეტგაზეთის მსგავსი ტიპის ზუსტი სტატისტიკა არ მიაწოდა, თუმცა არსებობს გუგლის საძიებო სისტემის სტატისტიკის სპეციალური ვებგვერდი, რომელიც ასახავს ამა თუ იმ ფრაზის ძებნის პოპულარობას. ირკვევა, რომ სიტყვასთან – “ბავშვების” დაკავშირებული ძებნის ყველაზე პოპულარული ფრაზები სექსი და პორნოა.

 

“ალგორითმი შექმნილია იმისათვის, რომ ინტერნეტში ინფორმაციის სპექტრი ასახოს. ასე რომ, ისევე როგორ ინტერნეტი, ძებნის ობიექტები, რომელსაც თქვენ [Autocomplete-ის დროს] დაინახავთ, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ ან სურპრიზი აღმოჩნდეს”, – წერია support.google.com.


ბავშვებთან დაკავშირებული პორნოგრაფიული მასალების ტირაჟირება საქართველოს კანონმდებლობით არა უცნაური, არამედ დასჯადი ქმედებაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოებისა და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 4 მაისს 40 პირი მისცეს პასუხისგებაში. შსს-ს განცხადების მიხედვით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოფაილებიც ატვირთეს საკუთარ ვებგვერდზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ პროკურატურას მათთვის ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სპეციალური პრიმა მუხლით არ წაუყენებია.

 

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ კარგად არის შესასწავლი, თუ რატომ არის ბავშვებთან კორელაციაში პორნო გუგლში ძებნის ყველაზე პოპულარული ობიექტი. მისი თქმით, საინტერესოა, თუ რა ასაკის ადამიანები ეძებენ მსგავსი დასახელების ფაილებს, თუ გაირკვევა, რომ ისინი მოზარდები არიან, შესაძლოა, ეს სექსის თემატიკის მიმართ მათ ინტერესზე მიუთითებდეს, თუმცა ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ამის ალბათობა ნაკლებია და მოზარდები ძებნისას უბრალოდ პორნოგრაფიას მოძებნიან და არა კონკრეტულად ‘ქართველი ბავშვების პორნოს”.

 

“თუ ეს პედოფილური ვნებებით არის განპირობებული, ძალიან ცუდის ნიშანია და მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველაფერი ამ საკითხზე. ნებისმიერი ინფორმაცია, იქნება ეს სტატისტიკური თუ სხვა, ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ პრაქტიკას თუ გადახედავს ადამიანი და ამას აიღებს როგორც სტატისტიკურ ერთეულს, ვიტყვი, რომ, მაგალითად, თუ ორი წლის წინ [პედოფილიის] 3-4 შემთხვევა იყო, ახლა ამ შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ბოლო თვეებში იმდენი იყო, რამდენიც 2 წლის წინ სრული წლის განმავლობაში. არ ვიცი, ეს უკავშირდება იმას, რომ ფაქტებმა იმატა, თუ ახლა უფრო მეტად არის გაცხადებული და ადამიანები უფრო ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს, მაგრამ მე ძალიან სუბიექტურად მაქვს განცდა, რომ რაოდენობამ იმატა”, – ამბობს ცირამუა.

 

მისი თქმით, გუგლის და სხვა ინტერნეტ-სერვისების შემქმნელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხია, რომ მსგავსი დასახელების ფაილების ძებნაში ადამიანებს არ დაეხმარონ. იგივეს ამბობს კონსტანტინე სტალინსკი, თუმცა, სხვა კუთხით. მისი თქმით, ქართულზე უფრო მეტად გავრცელებულ ენებზე გუგლს ფილტრი აქვს, რომელიც მსგავსი ტიპის ძებნის განვითარებას არ შემოგთავაზებს, თუმცა ქართული შრიფტის შემთხვევაში პრობლემურია ის, რომ მისი მორფოლოგიის ბაზა არ გააჩნია:

 

“გუგლი ვერ ხვდება სიტყვა პორნო ან სექსი არის თუ არა გაფილტვრადი იმიტომ, რომ გუგლს არ აქვს ქართული ენის ცოდნის ბაზა. თუკი ინგლისური ან რუსულ შრიფტით ძებნის დროს გრამატიკულ შეცდომას დავუშვებთ და ერთ რომელიმე სიმბოლოს გამოვტოვებთ ან შემეშლება, მაგალითად, viewer-ის ნაცვლად wiever-ს დავწერ, გუგლი სწორ ვარიანტს შემომთავაზებს, რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს ინგლისური, რუსული, ესპანური და სხვა ენების სიტყვათა მორფოლოგიური ბაზა თავის ძიების სისტემაში. ქართული შრიფტის გამოყენების შემთხვევაში ის არ გთავაზობს სწორ ვარიანტს’, – მისი თქმით, მსგავსი ტიპის ბაზის შექმნა გუგლის პასუხისმგებლობაა, თუმცა მისი გაკეთება ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და საქართველოს ინტერესებშიც შედის.

“გუგლის პასუხისმგებლობაცაა და ჩვენიც. საუბარია ენის მონაცემთა ბაზის შექმნაზე. ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა უნდა და თუკი აქვს ვიღაცას საშუალება, რომ საქართველოში შექმნას ქართული სიტყვების ინდექსი, რომ თითოეულ სიტყვას ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორი და მორფოლოგიურად ფუძეები გამოვყოთ და ბრუნვების ვარიაციებიც შევქმნათ, ასევე სხვა სიტყვებს ებმოდეს ფუძის მიხედვით, ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, რადგან ამას არა მხოლოდ გუგლს მიაწვდიდა საქართველო, არამედ სხვადასხვა ტიპის სერვისებს [მათ შორის თარჯიმანს], რომლებიც მზად არიან, რომ ინტერფეისი ქართულ ენაზე წარადგინონ, იგივე, მაგალითად, მაიკროსოფტი”, – ამბობს სტალინსკი.

ნიშნავს თუ არა გუგლში ძებნის ზემოხსენებული თავისებურება იმას, რომ პრობლემა მართლაც მასშტაბურია და ბევრი ადამიანი ეძებს ქართული შრიფტით “ქართველი ბავშვების პორნოს” დასახელებით ფაილებს? ამის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან სხვა ენებზე, მაგალითად, ინგლისურ ენაზე მოქმედი ალგორითმი მსგავს უკანონო ფაილზე ძებნაში დახმარებას (autocomplete-ს) ბლოკავს. შესაბამისად, ვერ განვსაზღრავთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალებს პროცენტულად უფრო ხშირად ეძებენ თუ ნაკლებად.

 

ფაქტია ის, რომ გუგლის სისტემის მიხედვით პორნო ქართველ ბავშვებთან ერთობლიობაშია ძებნის პოპულარული ობიექტი. ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რამდენჯერ მოძებნეს ქართული შრიფტით “ქართველი ბავშვების პორნო”,  გუგლმა არ მოგვაწოდა, ასევე არ გვიპასუხა შეკითხვაზე, ამ კუთხით აქვს თუ არა პოლიტიკა, არ დაეხმაროს იმ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი უკანონო მასალების მოძებნას ცდილობენ. თუ არ გსურთ, რომ “ქართველი ბავშვების პორნოს” ტიპის ძებნის განვითარება გუგლში არსებობდეს, შეგიძლიათ ის აქ დაარეპორტოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი