ახალი ამბები

ღარიბაშვილი ლარის კურსზე: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ არ ვეუბნებით საზოგადოებას

29 იანვარი, 2015 • • 1090
ღარიბაშვილი ლარის კურსზე: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ არ ვეუბნებით საზოგადოებას

“ჩვენი მთავარი პრობლემა არის საზოგადოების დროული ინფორმირებულობა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ არ ვეუბნებით საზოგადოებას, ან დროულად არ ვეუბნებით საზოგადოებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, 29 იანვარს, მთავრობის სხდომაზე. 

 

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობის წევრებს, რომ როდესაც საზოგადოების მხრიდან არსებობს მსგავსი კითხვები, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია.

 

“ქართული ლარის აშშ დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოვლენა გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და გლობალური პროცესის ნაწილია, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

პრემიერმა მაგალითად დაასახელა კონკრეტული ქვეყნების ვალუტები, რომლებიც გაუფასურდა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარების პროცესის ნაწილია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია.

 

 

„საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის მსოფლიო ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტისა და ქართული წარმოების წახალისების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი