ახალი ამბები

უსუფაშვილი: ალასანიასა და ივანიშვილის შეხვედრა ჩემი თანდასწრებით დაიგეგმა

7 ნოემბერი, 2014 • • 1276
უსუფაშვილი: ალასანიასა და ივანიშვილის შეხვედრა ჩემი თანდასწრებით დაიგეგმა

“ისე მოხდა, რომ ჩემი თანდასწრებით დაიგეგმა ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე. დაახლოებით 50 კაცი იყო იქ. არ ყოფილა რაიმე კონსპირაციული დაგეგმვა ან შეხვედრა,”- განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “რეაქციაში” დღეს, 7 ნოემბერს. 

 

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ ივანიშვილისა და ალასანიას აღნიშნულ შეხვედრაზე რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

 

“მინდა დავიწყო იმ ჩიტის მოძებნა, რომელიც მსგავს ამბებს გამოიტანს ხოლმე. ზოგჯერ ამ ჩიტს ჩვენი შეხვედრებიდან სწორი ინფორმაცია გამოაქვს, ზოგჯერ არასწორი. ძალიან პროფესიონალ ჩიტთან გვაქვს საქმე, რადგან თუ ყველაფერი სწორი იქნება, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს. არანაირი გაწევ-გამოწევა და რაიმე ფიზიკური.. მსგავსს არაფერს შევსწრებივარ. ასევე ჩემი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე დაძაბული საუბარი ყოფილა, მაგრამ მას რაიმე ისეთი ზღვარი არ გადაუკვეთავს, რომ ადამიანებს რაიმე პრობლემა გასჩენოდათ შემდგომი ურთიერთობის. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც ის, რომ ირაკლი ალასანია ბატონ ბიძინა ივანიშვილს გუშინაც შეხვდა.”

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ეს შეხვედრა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: 

 

“მგონია, იყო განცდა, რომ იმ ფორმატებში, რა ფორმატებშიც მსჯელობის მცდელობა, აზრთა ურთიერთგაცვლა იყო, ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, ორივე მხრიდან არსებობს ამის განცდა, ორივეს ჰქონდა სასაუბრო, სათქმელი.” 

 

ის, რომ ალასანიასა და ივანიშვილს შორის შეხვედრა 6 ნოემბერს ურთიერთშეთანხმებით მოხდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრიც ადასტურებს. თუმცა ყოფილ პრემიერთან საუბრის თემაზე, ირაკლი ალასანია არ საუბრობს.

 

ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან 4 ნოემბერს დაითხოვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მას შემდეგ, რაც პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კი დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება”.

 

5 ნოემბერს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ირაკლი ალასანიამ დატოვა იმის გამო, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. ალასანიამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა. გუშინ, 6 ნოემბერს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი