ახალი ამბები

პრივილეგია თუ კონკურენცია აგროდაზღვევის ბაზარზე

2 ოქტომბერი, 2014 • • 1238
პრივილეგია თუ კონკურენცია აგროდაზღვევის ბაზარზე

 იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც “ბათუმელებმა” თემაზე მუშაობის დროს მოიპოვა, შეიძლება ითქვას, რომ “ქართუ ჯგუფი” სხვა სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, უპირატეს მდგომარეობაშია. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში “ქართუ ჯგუფს” ოფისი პირდაპირ გამგეობის შენობაში აქვს.

 

ექვსი სოფლის გამგებლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იმის თქმაც შეიძლება, რომ მეტ-ნაკლებად უპირატეს მდგომარეობაში “ქართუ ჯგუფი” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც იმყოფება. გამგებლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ქართუს” თანამშრომლებს მათი გამგეობის ორგანიზებით გამგეობის შენობაშივე შეხვდნენ.

 

გამგეობის შენობაში “ქართუსთვის” ოფისის გამოყოფას ადასტურებს ნატანების რწმუნებული ილია თავაძე: “მე “ქართუმ” მთხოვა და დავთანხმდი. “ჯიპიაი”-საც შევთავაზე, მაგრამ რატომღაც არ ისურვეს. აქ ნებისმიერს შემოვუშვებ”.

 

ილია თავაძის შეთავაზებას ვერ იხსენებს “ჯიპიაი”-ის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი.

 

“ნატანების გამგებელს მართლა რომ დაეთმო გამგეობის შენობაში ფართობი, სიამოვნებით დავთანხმდებოდით მის შეთავაზებას, რადგან ჩვენი კომპანია ოზურგეთში დასაქმებულ სადაზღვეო აგენტებს ბათუმის ოფისიდან მართავს,” – ამბობს ის.

 

ილია თავაძის ინფორმაციით, მათთან, ნატანებში, დაახლოებით 160 ჰექტარი ციტრუსის პლანტაცია “ქართუმ” უკვე დააზღვია: “60 ჰექტრამდე, ალბათ, “ჯიპიაი” დააზღვევს. ოფიციალურად, ჯამში ჩვენთან 450 ჰექტარზეა მანდარინი, მაგრამ რეალურად მხოლოდ 220 ჰექტარია”.

 

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს – გამგებლის მოადგილე ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენლები და “ქართუ ჯგუფის” თანამშრომლები ერთმანეთს ციტრუსის დაზღვევასთან დაკავშირებით ნამდვილად შეახვედრეს გამგეობის შენობაში. ანზორ ფერცელიძე ყვება: “ჩვენ ამ საკითხის [დაზღვევის] გამო გვყავდა დაბარებული, რომ გვეთქვა მაქსიმალურად დახმარებოდნენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან ურთიერთობაში. კომპანიებს მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზების თვალსაზრისით ეხმარებიან, რომელი სადაზღვევოც არ უნდა იყოს, სხვა არაფერი”.

 

ანზორ ფერცელიძე ამბობს, რომ, მაგალითად, სოფელ ახალშენში “ალდაგის” წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ მოსახლეობას: “სადაზღვევო კომპანიები აქტიურად მუშაობენ. სახელმწიფო ანაზღაურებს ზარალს, კილოგრამ მანდარინზე 48 თეთრია გამოყოფილი. 4 თეთრი დაიქვითება და გლეხი 44 თეთრს მიიღებს”.

ჯემალ დიასამიძის ოჯახის წევრები მანდარინის ბაღში, ფოტო
ჯემალ დიასამიძის ოჯახის წევრები მანდარინის ბაღში, ფოტო ‘ბათუმელების’ არქივიდან

 

რესპონდენტები, რომლებსაც “ბათუმელები” აჭარა-გურიაში ესაუბრა, ამბობენ, რომ ციტრუსის დაზღვევაზე მათთან მხოლოდ ორი კომპანია მუშაობს – “ქართუ ჯგუფი” და “ჯიპიაი ჰოლდინგი” (განაცხადი აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობის მისაღებად კიდევ სამ სადაზღვევო კომპანიას აქვს გაკეთებული: “ალდაგს”, “აი სი ჯგუფსა” და “ირაოს”).

 

ჯიმშერ ბერიძე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შუამახინჯაურში, “ბათუმელებთან” აღწერს მათ სოფელში არსებულ მდგომარეობას: “ჩვენთან 80% უკვე დაზღვეულია. ძირითადად “ქართუ” აზღვევს, რადგან ის უფრო პოპულარულია. აგროდაზღვევის ფარგლებში 1000 კვადრატზე სულ 112 ლარია გათვალისწინებული (ჰექტარზე 60 ლარი), აქედან გლეხს 6 ლარის გადახდა უწევს, დანარჩენს სახელმწიფო ანაზღაურებს”.

 

სოფელ შუამახინჯაურში წელს 250 ტონა მანდარინს მოკრეფას ვარაუდობენ, ეს შარშანდელთან შედარებით ცოტაა (გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გასულ წელს მათ სოფელში 2500 ტონა მანდარინი მოკრიფეს). ჯიმშერ ბერიძის ინფორმაციით, “ყველაფერი მზადაა მანდარინის რუსეთში, ბელორუსსა და ალბათ უკრაინაში გასატანადაც. ასევე მზადაა პავილიონებიც ენესის მისაღებად”.

 

სოფელ ზანაქიძეების გამგებლის წარმომადგენელი მალხაზ დიასამიძეც დარწმუნებულია, რომ მანდარინი წელს აღარ გადაიყრება; ცუდი ამინდის გამო თუ გაფუჭდება მოსავალი, დაზღვევა ყველაფერს აანაზღაურებს. მალხაზ დიასამიძის თქმით, მათთან არსებული მანდარინის დიდი წილი უკვე დაზღვეულია.

 

“აქედან დაახლოებით 70% “ქართუმ” დააზღვია. “ფაქტია, “ქართუ” კარგად მუშაობს, ყველას ასწრებს”, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.

 

გამგებლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, როსტომ თავდგირიძე (სოფელი ხელვაჩაური), ამბობს, რომ მან და მისმა ოჯახმა მანდარინი დააზღვიეს “ჯიპიაი ჰოლდინგში”, რადგან ამ კომპანიის შეთავაზება ბევრად უფრო გასაგებია მისთვის: “კომპანია აზღვევს ნაყოფის რაოდენობას და არა ფართობს, ერთ ტონაზე 2,40 ლარს ახდევინებს გლეხს. “ქართუ ჯგუფმა” 60 ლარი გამოყო ჰექტარზე, მაგრამ ყველა ბაღი ერთნაირად არ არის დატვირთული. მართალია, ამ გზით გლეხი არ ზარალდება, მაგრამ “ქართუ” ასე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ყველა თანხას აითვისებს, “ჯიპიაი” კი მხოლოდ იმას, მის ბენეფიციარს რამდენი ტონა მანდარინიც გაუფუჭდება. “ქართუ ჯგუფი” ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წაიღოს ბიუჯეტიდან. ჩემი აზრით, ეს დანაშაულია”.

 

კითხვაზე, თუ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე საუბრობს, როსტომ თავდგირიძე ამბობს, რომ “ბატონი ბიძინა მცდარ საქმეს არ გააკეთებს. ძმას და შვილსაც კი არ მისცემს მცდარი საქმის გაკეთების უფლებას”.

 

რა ხდება დაზღვევის თვალსაზრისით ქობულეთში? – ამ კითხვით “ბათუმელებმა” ქობულეთის გამგებელს, ულხან ევგენიძეს მიმართა.

 

“სადაზღვევო კომპანიები თავიანთ აგენტებთან ერთად მუშაობენ. მოსახლეობა გვეკითხება, რამდენად სანდოა დაზღვევა. ამბობენ, დაზღვევა რომ მქონოდა, ახლა ხომ ამინაზღაურებდნენო – სტიქიამ უკვე ბევრს დაუზიანა ციტრუსი. იქეთა თვეში რწმუნებულებთან ერთად ყველა სოფელს მოვიცავთ. გამგებლის რწმუნებულები ოფიციალურად პირველი ოქტომბრიდან ინიშნებიან და მაგიტომ”, – განმარტა გამგებელმა.

 

სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში 70 ათას ტონა მანდარინის მოსავალს ელიან, დაზღვევაზე კი ძირითადად ორი კომპანია – “ქართუ” და “ჯიპიაი” მუშაობს.

 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს, მათ შორის ვადებს ზუსტად განსაზღვრავს. დოკუმეტში ვადები ასეა განსაზღვრული: “საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში…” ნიშნავს
თუ არა აგროდაზღვევის პროგრამაში ზემოთ აღნიშნული ეს ჩანაწერი იმას, რომ 10 დეკემბრის შემდეგ მიყენებულ ზარალს სახელმწიფო ფერმერს აღარ აუნაზღაურებს? რატომ წერს “ქართუ ჯგუფი” თავის სადაზღვეო ბლანკზე, რომ ციტრუსს პირველ თებერვლამდე აზღვევს?

 

ირაკლი ნიკოლაიშვილი “ქართუს” ნატანების კოორდინატორი ამ დეტალს ასე განმარტავს: “ჩვენ გლეხებს სააგენტოს პირობებს ვთავაზობთ, ანუ ციტრუსი 10 დეკემბრის ჩათვლით საშემოდგომო ყინვაზეა დაზღვეული. სეტყვაზე, ღვარცოფსა და ქარიშხალზე გაგრძელდება პირველ თებერვლამდე, თანხას კომპანია აანაზღაურებს”.

 

ვლადიმერ ზაქრაძე, “ქართუ ჯგუფის” კოორდინატორი აჭარა-გურიაში, ციტრუსის დაზღვევასთან დაკავშირებით განმარტავს: “ეს სახელმწიფოს საპილოტე პროგრამაა. უკვე გვქონდა ცხელ ხაზზე შეტყობინება სტიქიის შედეგად დაზარალებულებისგან და რეაგირებაც გაკეთდა – ვგულისხმობ წყალდიდობასა და მეწყერს, რაც უკვე იყო”.

 

დაზღვევის თარიღებთან დაკავშირებით ვლადიმერ ზაქრაძის შეხედულება შემდეგია: “ჩვენ არ გვეუბნება სამინისტრო, რომ 10 დეკემბრამდე დააზღვიეთო. ციტრუსთან მიმართებაში 10 დეკემბრამდე არის მხოლოდ ყინვაზე დაზღვევა, ხოლო დანარჩენი რისკი გრძელდება, რასაც სახელმწიფო ჩვეულებრივ აფინანსებს. გარკვევით წერია ფრჩხილებში – საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის 10 დეკემბრამდე. პირველი თებერვალი კი იმიტომ ავიღეთ, რომ არ არის გამორიცხული გლეხს იანვარში მოუკრეფავი დარჩეს მანდარინი სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ 10 დეკემბერს ვერ შევუწყვეტთ – ეს დარღვევაა და ჩვენ დარღვევაზე ვერ წავალთ”. “ქართუს” ეს განცხადება ვადებით მანიპულაციად მიაჩნია მისი კონკურენტი კომპანიის – “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელს, თინათინ სტამბოლიშვილს:

 

“აგროდაზღვევის პირობები განსაზღვრულია სამთავრობო დადგენილებით და ციტრუსის შემთხვევაში განსაზღვრულია, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ 10 დეკემბრამდე. შემდეგ გაცილებით იზრდება მოყინვის რისკი და ამას არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ აიღებს თავის თავზე. სხვებს აქვთ დაზღვევის უფრო გრძელი ვადა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მანიპულირებენ ამ ვადით – რეალურად ზარალს მხოლოდ 10 დეკემბრამდე ანაზღაურებენ. ეს ვადა პოლისებში შავით-თეთრზე უწერიათ”.

 

თინათინ სტამბოლიშვილი ეჭვობს, რომ “ეს დაპირებები ცუდად აისახება პროგრამაზე, რადგან 10 დეკემბრის შემდეგ არავინ არავის არაფერს არ აუნაზღაურებს და იქნება დიდი იმედგაცრუება. შეიძლება გლეხმა იმ იმედით დაიტოვოს მოსავალი 10 დეკემბრის შემდეგ, რომ სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს. ეს კი არის ცრუ დაპირება და მანიპულირებაა იმით, რომ რაც წვრილი შრიფტით წერია ბლანკზე, რეალურად გლეხმა შეიძლება არ წაიკითხოს”.

 

რამდენად რეალურია, რომ ადმინისტრაციულ რესურს იყენებდეს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ქართუ ჯგუფი” ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში? – ამ კითხვა “ბათუმელებმა” აჭარა-გურიის ბაზარზე წარმოდგენილ ორივე დომინანტი კომპანიას დაუსვა. თინათინ სტამბოლიშვილის პასუხია: “ცალსახად იმის თქმა, თუ რამდენად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, რთულია. რამდენად მოქმედებს ყოფილი პრემიერის ფაქტორი ადგილობრივ დონეზე არ ვიცი, მკითხველმა განსაჯოს. კომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ არ არის საუბარი გავლენაზე. დიდი იმედი გვაქვს, ადგილობრივ დონეზე ამას გაითვალისწინებენ”.

 

ვლადიმერ ზაქრაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება და გვირჩევს, პასუხი სექტემბრის დასაწყისში “ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიპოვოთ. ამონარიდი “ქართუს” განცხადებიდან: “გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „დაზღვევის კომპანია ქართუ” გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ფაქტებს ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

 

„დაზღვევის კომპანია ქართუს” მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს და 2001 წლიდან მომსახურებას უწევდა შეზღუდულ სეგმენტს. 2014 წლიდან „ქართუ დაზღვევამ” სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება გაააქტიურა და მომსახურება ახალი პროდუქტებით მომხმარებელთა ფართო წრეს შესთავაზა.

 

… რაც შეეხება აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაში „დაზღვევის კომპანია ქართუ”, თანაბარი პირობებით, ოთხ სხვა სადაზღვევო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული. ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვუკავშირებთ მხოლოდ ჩვენს გააქტიურებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ გასაჯაროებამდე ყველა ინფორმაცია იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული…”

 

კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებით “ბათუმელებმა” კიდევ ერთ კომპანიას – “ალდაგს” ჰკითხა. აქ კითხვას ასე პასუხობენ: “გარემო საკმაოდ კონკურენტულია და რამდენიმე სადაზღვევო კომპანია აქტიურად არის ჩართული… დაზღვევის პირობა წინასწარ არის სახელმწიფოს მხრიდან მთავრობის დადგენილებით დადგენილი და პროექტში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია კლიენტს სთავაზობს იდენტურ პირობებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი