ახალი ამბები

საქართველოში მუსლიმური გაერთიანებები რელიგიურ ექსტრემიზმს ემიჯნებიან

29 აგვისტო, 2014 • 1173
საქართველოში მუსლიმური გაერთიანებები რელიგიურ ექსტრემიზმს ემიჯნებიან

16-მა ხელმომწერმა დაადასტურა, რომ რელიგიის სახელით მოქმედ ექსტრემიზმსა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ემიჯნება.

 

ღონისძიებაში მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ეს დეკლარაცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მასზე ერთდროულად სუნიტი და შიიტი მუსლიმები თანხმდებიან.

 

დეკლარაციის ხელმომწერებს სულიერმა ლიდერებმა სიტყვით მიმართეს, ხაზი გაუსვეს შეთანხმების არსსა და მნიშვნელობას.

 

“დღეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმანებისათვის ისტორიული დღეა, რადგანაც ამ დეკლარაციას ვაწერთ ხელს. გვინდა, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მუსულმანურ კონფესიებს შორის არასდროს არ ყოფილა დაპირისპირება. დეკლარაციაზე ხელმოწერა კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და ვიცხოვრებთ საქართველოში მშვიდობისა და ისლამური რელიგიის განვითარებისათვის”, თქვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა იასინ ალიევმა.

 

საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს შეიხ რამინ იგიდოვის თქმით, “საქართველოში რელიგიებს შორის, განსაკუთრებით კი ისლამურ რელიგიებს შორის ძმობა და მეგობრობა სუფევს. ჩვენ, საქართველოს მუსულმანთა სახელით, გვინდა, ექსტრემიზმს და ძალადობას უარი ვუთხრათ. რის გამოც ვაფორმებთ დეკლარაციას”,

 

საქართველოში ისლამური კონფესიის მიმდინარეობათა შეთანხმებულ თანაცხოვრებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხეში სახელმწიფო მინისტრმა უნიკალური და ჰარმონიული უწოდა.

 

“სუნიტი და შიიტი ლიდერები არა მარტო ერთად აღავლენენ ლოცვას, რამედ მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას შეწყდეს ის ძალადობა, რაც მსოფლიოში არის. საქართველო მართლაც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს თანამედროვე სამყაროს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც 21–ე საუკუნეში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო ცივილიზაციაში”, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

დეკლარაციის გაფორმების პროცედურას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მოჯთაბა ქამრანფარდი, რელიგიის სახელით ადამიანთა ძალადობას უმეცრებას უწოდებს და ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ადამიანთა განათლება.

 

“ძალადობას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს, გარდა უმეცრებისა და უცოდინარობისა, რომელიც წახალისდება სხავადასხვა კოლონიანისტური სახელიწფოების მიერ სხვადასხვა მიზნით. იმედი მაქვს, კაცობრიობა მიაღწევს განათლების იმ საფეხურს, როცა აღმოიფხვრება ძალადობა ადამიანებს შორის და ურთიერთობები პატივისცემას დაეფუძნება”,- აღნიშნა ქამრანფარდიმ.

საქართველოში მუსლიმური გაერთიანებები ექსტრემიზმს ემიჯნებიან, 29/08/2014
საქართველოში მუსლიმური გაერთიანებები ექსტრემიზმს ემიჯნებიან, 29/08/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი