ახალი ამბები

პრემიერი: კანონიერად ვუსმენთ და რა თქმა უნდა მოვუსმენთ

4 ივნისი, 2014 • • 967
პრემიერი: კანონიერად ვუსმენთ და რა თქმა უნდა მოვუსმენთ

“როდესაც ხდება არალეგალურად რაღაც, ამაზე იწყება გამოძიება და დანაშაული დაისჯება, მაგრამ ის, რომ ეს აპარატურა ბუნებაში არსებობს, ამაზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ამ აპარატურის ყიდვა შეუძლია ყველას, ვისაც ფული აქვს.

 

მობილურ ოპერატორებს აქვთ საშუალება, რომ მოუსმინონ თავიანთ აბონენტებს, ჩვენ ამ საშუალებას ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ თუკი იქნება უკანონო მიყურადების ფაქტები, დაიწყება გამოძიება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კუთხით საკნონმდებლო ბაზა საქართველოს მთავრობამ მოაწესრიგა:

 

“პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი და ყველაფერს ვაკეთებთ ამ კუთხით. დამნაშავე იქნება დასჯილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ის იყო პირველი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, რომელმაც აღმოაჩინა და გაანადგურა ასობით და ათასობით ვიდეოფაილები, რომლებზეც ძალიან ბევრი ცნობილი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აღმოაჩინეს.

 

“ჩვენ უარს ვამბობთ არსებულ პრაქტიკაზე, ვთქვით ეს – ეს იყო ამაზრზენი და ამას ჩვენ აღარასოდეს აღარ გავიმეორებთ. კანონიერად ვუსმენთ და რა თქმა უნდა მოვუსმენთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


29 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.” აღნიშნული კანონპროექტით, ფარული მოსმენა განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები – იქნება ეს მობილური კომპანიები, სასამართლო, თუ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო. აღნიშნულ საკითხებზე სპეციალურმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები.


შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, “ექსპო ჯორჯიაში” ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავს. ეს პრემიერის რანგში ღარიბაშვილის რიგით მეორე პრესკონფერენციაა. დღევანდელ პრესკონფერენციას პრემიერის პრესსამსახურის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უწევს მოდერირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი