სამართალი

ადვოკატების თქმით, რეესტრის თანამშრომლებისთვის პატიმრობის შეფარდება არაადეკვატურია

18 აპრილი, 2014 • • 1570
ადვოკატების თქმით, რეესტრის თანამშრომლებისთვის პატიმრობის შეფარდება არაადეკვატურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების ფაქტზე ბრალდებული პირებიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ხელვაჩაურის რაიონის საჯარო რეესტრის სამსახურის თანამშრომლები არიან. ერთ–ერთი დაკავებულის, დავით გორგილაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ დღემდე ბუნდოვანია, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმა დაარღვიეს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა და სხვა ბრალდებულებმა:

“საქმე ეხება მიწების დაკანონებას. ხელვაჩაურის რაიონში არის სოფელი მარადიდი, იქ მაცხოვრებლებმა მოინდომეს მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება, რაც ხდება შემდეგნაირად: სოფლის რწმუნებული გასცემს ცნობას, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობს ადამიანი, ამ ადამიანს, ასევე, უნდა ჰქონდეს საარქივო ცნობა, რომ ფლობს მიწის ნაკვეთს. შემდეგ მხაზველები ამზადებენ ნახაზს და ეს საბუთები მიდის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში. ამ სამსახურის რეგისტრატორი ვერ ხედავს, ხომ არ არის მიწის გადაფარვა, ის ამ ინფორმაციას უგზავნის თბილისში, საქართველოს საჯარო რეესტრის საკადასტრო სამსახურს, და საკადასტრო სამსახურია ვალდებული შეამოწმოს ეს ნაკვეთი სად მდებარეობს, ხომ არ არის ზედ სხვა ნაკვეთზე, ან ისეთ ადგილზე, სადაც საკუთრების მოწმობა არ შეიძლება გაიცეს”, – აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდებულები სწორედ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები არიან და უცნობია, რაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობა:

“წარმოიდგინეთ, არ ედავებიან საკადასტრო სამსახურის წარმომადგენლებს, ვისაც ამის გადამოწმება ევალება და ამათ ედავებიან, რომ მდინარის კალაპოტებია იქ შესული და არ უნდა მოგეხდინათ ამის რეგისტრაციაო. არსად არ წერია სახელმწიფო ბრალდებაში, რომელი სამართლებრივი ნორმა დაარღვია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომლითაც ის იყო ვალდებული რაღაც შეესრულებინა და არ შეასრულა”, – ამბობს ირაკლი შავაძე.

ხელვაჩაურის რაიონის საჯარო რეესტრის თანამშრომლებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან სამ წლამდე პატიმრობით. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ აღნიშნული მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულს მიეკუთვნება და წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ საჭიროებდა.

ადვოკატის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პირების დაკავება უპრეცედენტო შემთხვევაა:

“დაკავებულებს ბრალი ედებათ ნაკლებად მძიმე დანაშაულში. დღევანდელი პრაქტიკით სასამართლოები არათუ ნაკლებად მძიმე, ისეთ დანაშაულებზეც კი, როგორიცაა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, უფარდებენ ხოლმე გირაოს, ამიტომ სრულიად გაუგებარია როგორც პროკურატურის მოთხოვნა, ასევე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება”, – აცხადებს ირაკლი შავაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების დაპატიმრება კანონდარღვევა არ არის, თუმცა პროკურატურის მოთხოვნა იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ  სასამართლოს საპატიმრო ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო:

“პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე. პატიმრობა რომ გამოიყენოს, სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რომ სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მაგალითად, გირაო ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ მიზნებს. ბრალდებას აბსოლუტურად არანაირი დასაბუთება არ ჰქონია, მათ მხოლოდ ამოწერეს კანონიდან, რომ პირი მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე და გაანადგურებს მტკიცებულებებს. არანაირი დასაბუთება არ ყოფილა, რის საფუძველზე ჰქონდათ აღნიშნული ვარაუდი. სასამართლოს კი ინდივიდუალურად არ მოუხდენია მსჯელობა და პირდაპირ კოლექტიურად ჩამოწერა, რომ ამ პირებს შეეფარდოთ პატიმრობა”, – ამბობს შავაძე. მისივე განცხადებით, ერთ–ერთ დაკავებულს, ეკატერინე ქარცივაძეს 5 წლის დაავადებული შვილი ჰყავს, თუმცა სასამართლომ ეს გარემოებაც არ გაითვალისწინა და ქარცივაძე დააპატიმრა, რის გამოც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

 

კიდევ ერთი ადვოკატი ირმა ზოიძე დაკავებულთა მთელი სიმკაცრით დასჯას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას უკავშირებს:

“გამოვიდა იუსტიციის მინსტირი და გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეგისტრატორები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, მათ სათანადო გადამოწმება არ მოახდინეს და ჩაიდინეს დანაშაულიო, ხოლო მხაზველებმა გააკეთეს ყალბი აზომვითი ნახაზებიო. თეა წულუკიანმა განაცხადა, ისინი უმკაცრესად დაისჯებიანო”, – ამბობს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ამზომველების წინააღმდეგ ცალკე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მათგან აღიარებითი ჩვენებები პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მიიღო:

“მხაზველები ამბობენ, რომ ბათუმში, მე–13 სართულზე, იუსტიციის სახლში გვამყოფეს, გვაჩვენეს, როგორ დააპატიმრეს რეესტრის თანამშრომლებიო და გვითხრეს, თქვენც ასეთ სიტუაციაში ჩავარდებით, თუ არ აღიარეთ ბრალიო”, – აცხადებს ირმა ზოიძე.

სასამართლო პროცესზე, რომელიც გუშინ 17 აპრილს შედგა, პროკურატურა ამზომველებისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს საქმეში ჩართული კიდევ ერთი ადვოკატი ლელა ბჟალავა:

“მიდის პროცესი 7 ამზომველის წინააღმდეგ. გუშინ, 6-საათიანი პროცესის შემდეგ მხაზველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, პროკურატურა 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა თითოეულ მათგანზე. სასამართლოს რომც დაეკმაყოფილებინა, მათ ამის გადახდის საშუალება მაინც არ აქვთ”, – აცხადებს ბჟალავა.

ადვოკატების თქმით, პროკურორები სასამართლო პროცესზე აცხადებენ, რომ ასევე დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, ვისაც ამ მიწის დარეგისტრირება უნდოდა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პორკურატურას, რათა ამ საქმეში ჩართული პროკურორების პოზიცია დაეფიქსირებინა, პროკურატურიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი