ეკონომიკა

როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი

24 თებერვალი, 2014 • 4255
როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი

 

კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება  1 აპრილიდან დაიწყება. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებგვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია ასევე, საბანკო დაწესებულებაში.  შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დღეს, 24 თებერვალს, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა.

 

 

 „2013 წლის განმავლობაში მუშაობდა დაუბეგრავი მინიმუმის თემა და 2014 წლის პირველი აპრილიდან  დაიწყება  მოსახლეობისათვის ამ თანხების დაბრუნება. ამისათვის ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი არ აღემატებოდა წელიწადში 6000 ლარს,  უნდა მივიდნენ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში.  მათ უმარტივესი დეკლარაციის შევსება მოუწევთ, რაც პირადი მონაცემების შეყვანას გულისხმობს სისტემაში, მათ ეს შეუძლიათ სახლიდანაც გააკეთონ ინტერნეტით, რის შემდეგადაც დაიწყება დაბრუნების პროცესი. 600 ათასამდე მოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს ეს თანხა და ჩვენ ბანკებთან ერთად ვიმუშავებთ იმასთვის, რომ მინიმალური ხარვეზებიც კი არ იყოს ამ პროცედურაში“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

ფული/ლარი
ფული/ლარი

დაუბეგრავ მინიმუმზე დარიცხული თანხის უკან დაბრუნება თავის დროზე მოქალაქეებმა გაიგეს როგორც „მეცამეტე ხელფასის“ აღება. თამილა შალიკაძე საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც თვეში 180 ლარს იღებს ხელფასის სახით. იგი ამბობს, რომ „მეცამეტე ხელფასის“ შესახებ გასული წლის ბოლოს გაიგო: „დირექტორმა გვითხრა ამის შესახებ და ველოდებოდით, რომ დანამატს საახალწლოდ მივიღებდით, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა გვითხრეს, რომ ამ წლის ბოლომდე იქნება. იმედი გვაქს, ამჯერად მაინც გამართლდება ეს ინფორმაცია“.

 

 

 

ნანა მიქელაძე მაღაზიაში მუშაობს. მისი ხელფასი თვეში 200 ლარამდეა. ის ამბობს, რომ მეცამეტე ხელფასზე სმენია, თუმცა „ეს ყველა სამსახურში არ იქნებაო მითხრეს და სად გადავამოწმო და ვის მივმართო, არ ვიცი“.

 

 

ეკატერინე ზუხბაიას კი (მას სამშენებლო კომპანიაში ხელფასი თვეში 300 ლარი აქვს), ბევრი არაფერი სმენია „მეცამეტე ხელფასის“ შესახებ, მაგრამ ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის ბუღალტერს ეცოდინება და ის დააკვალიანებს.

 

 

„ნებისმიერი პირი, ვისაც თვეში 500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ან ამაზე ნაკლები ერიცხება ხელფასი, სარგებლობს შეღავათით, რომელიც ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დაწესდა. შეღავათი გულისხმობს ამ პირებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილის უკან დაბრუნებას გარკვეული წესით“, – განმარტავს კომპანია „აჭარა ელიტ აუდიტის“ დირექტორი, აუდიტორი ზურაბ ბერიძე.

 

 

ერთ ადამიანზე ბიუჯეტიდან უკან დასაბრუნებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა წელიწადში 360 ლარია.

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება, რომელიც გაუთანაბრდა საარსებო მინიმუმს (თვეში 150 ლარი). აქედან გამომდინარე, წლიური დაუბეგრავი მინიმუმია 1800 ლარი. თუმცა სახელმწიფომ დააწესა ზღვარი, თუ რა შემთხვევაში არ იბეგრება ეს მინიმუმი.

 

 

მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით დარიცხული აქვს წლის განმავლობაში 6000 ლარი (ანუ ხელზე წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი) მას სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის – 1800 ლარის 20 პროცენტს). ეს კი ის თანხაა, რაც მას დაუკავეს დაუბეგრავ 1800 ლარზე, როგორც საშემოსავლო გადასახადი.

 

 

 

მოქალაქეს შეუძლია მთელი წლის ხელფასიდან გამოქვითოს სწორედ 1800 ლარი და მოითხოვოს მხოლოდ ამ თანხაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება. ეს არის ზღვარი. ანუ, ზემოაღნიშნული 4800 ლარიდან უკან ბრუნდება 1800 ლარზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ხოლო 3000 ლარი ჩვეულებრივად იბეგრება და მასზე დარიცხულ გადასახადს უკან ვერ მოითხოვ.

 

თუ პირს ხელფასის სახით ერიცხება 6 ათას ლარზე თუნდაც 1 თეთრით მეტი, ის ამ შეღავათით ვერ ისარგებლებს (ანუ, მთელი წლის განმავლობაში თუ გაქვთ აღებული ხელზე 4800 ლარზე მეტი, სახელმწიფო უკან არც ერთ თეთრს არ დაგიბრუნებთ).

 

 

იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება 1800 ლარი ხელფასი წლიურად (ანუ ხელზე აღებული აქვს 1440 ლარი), ის უკან მაინც 360 ლარს დაიბრუნებს. ხოლო თუ ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები,  უკან დაიბრუნებს 360 ლარზე ნაკლებს. მაგალითად, თუ 2013 წელს პირს დაერიცხა 1200 ლარი (ანუ ხელზე აიღო სულ 960 ლარი) მას სახელმწიფო 240 ლარს დაუბრუნებს უკან. ანუ იმ თანხას, რაც დაუკავეს ხელფასზე, როგორც საშემოსავლო გადასახადი.

 

 

მოქმედი კანონმდებლობით, ვისაც 2013 წელს მთლიანობაში აღებული აქვს ხელფასის სახით 4800 ლარი (ხელზე) ან ამაზე ნაკლები, უფლება აქვს, შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით პირველი აპრილიდან  შეავსოს დეკლარაციის სპეციალური ფორმა. დეკლარაციაში ფიზიკური პირი უთითებს მის სახელსა და გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, ხელფასის (დაუბეგრავი მინიმუმის) მიღების კალენდარულ წელს (ამ შემთხვევაში 2013 წელს), საბანკო ანგარიშის ნომერს და დასაბრუნებელი თანხის ოდენობას.

 

 

„საგადასახადოში წარადგენენ დეკლარაციას, შემდეგ საგადასახადო ამას გადაამოწმებს და მითითებულ ანგარიშზე სამი თვის ვადაში დაერიცხებათ დასაბრუნებელი თანხა – ჯერჯერობით ასეთი მექანიზმია ჩაფიქრებული. იყო ადრე საუბარი, რომ თითქოს სადაც მუშაობენ, ისინი დაუბრუნებდნენ და სხვა“, – აცხადებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ლექტორი, აუდიტორი და ექსპერტი კონსტანტინე გორბატკოვი.

 

 

კანონით, პირის მიერ დეკლარაციის წარდგენა უკვე ითვლება თანხის დაბრუნების მოთხოვნად. საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის საგადასახადო კონსულტანტი ნიკოლოზ ოსტაპენკოს თქმით, თუ პირს, ვისაც თანხა უნდა დაუბრუნდეს, აქვს რაიმე სახის დავალიანება, მაშინ უკან დასაბრუნებელი თანხით ეს დავალიანება დაიფარება – მთლიანად ან ნაწილობრივ. ზურაბ ბერიძის თქმით, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ქონების ან სხვა რაიმე ძველი გადასახადი.

 

 

როცა საუბარია წლიურ შემოსავლებზე, კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, აქ იგულისხმება ყველა სახის განაცემი – ხელფასი, პრემია, ჰონორარი, ნატური ფორმით (პროდუქტი, კვება) გადაცემულიც კი, „ოფიციალურად სამსახურისგან რასაც მივიღებ, ითვლება ჩემს შემოსავლად“.

 

 

„შეიძლება ადამიანი რამდენიმე სამსახურში მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში, ან მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა ერთ სამსახურში, ან თუნდაც წლის განმავლობაში რაღაც სამუშაოს ასრულებდა და ერთბაშად ჩაერიცხა გარკვეული თანხა – ასეთ პირებსაც ეხებათ ეს შეღავათი, ოღონდ მათზე ხელფასის სახით მთლიანობაში უნდა იყოს 6 ათასი ლარი ან ნაკლები დარიცხული (საშემოსავლოს ჩათვლით)“, ამბობს ზურაბ ბერიძე და განმარტავს, რომ  ხელფასი შედგება ხელზე აღებული თანხისა და მასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადისგან, ამიტომ კანონმდებელი არ იცნობს „ხელზე ასაღებ“ თანხას: „სადაც ხელფასზეა საუბარი, ყველგან იგულისხმება დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით“.

 

 

ნიკოლოზ ოსტაპენკო  ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო ახალ ზღვარს ალბათ არ განსაზღვრავს. თუმცა, შესაძლოა, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სახელმწიფომ გაზარდოს საარსებო მინიმუმი და ეს დაუბეგრავი მინიმუმიც ისევ მას მიაბას.

„უპრიანი იქნებოდა ის, რაც ეწერა ძველ საგადასახადო კოდექსში, რომ საშემოსავლო გადასახადი ყოფილიყო არა 20, არამედ 18 პროცენტი და უნდა ჩამოსულიყო 15 პროცენტზე. თუმცა, ეს მხოლოდ ხელისუფლებების პიარი აღმოჩნდა… ახლა ეს შეღავათი  დაბალხელფასიან მოსახლეობაზეა გათვლილი და ამ თანხის გაცემა ალბათ რეალურია“, – მიაჩნია კონსტანტინე გორბატკოვს.

 

 

შეღავათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სამსახურში დასაქმებულ პირს, ეს იქნება სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი. არაოფიციალური გათვლებით ქვეყნის ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხის გასაცემად 170-200 მილიონია საჭირო.

მოსალოდნელია თუ არა დამსაქმებელმა დასაბრუნებელი თანხის ოდენობით შეუმციროს თანამშრომლებს ხელფასი? – ზურაბ ბერიძეს ამბობს, რომ „ამ თანხას გადაიხდიან ბიუჯეტიდან, მეწარმეს ამ თემასთან არანაირი შეხება არ აქვს და არც ექნება. შესაბამისად, ალოგიკურიც კი იქნება ამით მანიპულირება, მითუმეტეს, ეს შესაძლოა სასამართლოში მტკიცების საგანიც გახდეს“.

 

 

დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“.

 

 

როგორ დგინდება დასაბრუნებელი თანხის ოდენობა:

მთელი წლის განმავლობაში 6 ათას ან 6 ათას ლარამდე დარიცხულ ხელფასს აკლდება ამავე თანხის 20% და თუ ვღებულობთ:

ა) 1800 ლარს ან მეტს, დასაბრუნებელი თანხაა 360 ლარი;

ბ) თუ 1800 ლარზე ნაკლებს, მაშინ უკან დასაბრუნებელი თანხაა 2013 წელს დარიცხული ხელფასის 20%.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი