ახალი ამბები

საქართველო ახალ საგანმანათლებლო კვლევაში ჩაერთვება

18 თებერვალი, 2014 • • 1190
საქართველო ახალ საგანმანათლებლო კვლევაში ჩაერთვება

TIMSS Advanced-ის კვლევაში საქართველო პირველად ჩაერთვება.

 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის ტექნოლოგიების ეპოქაში. გავიგებთ, რა შედეგები გვაქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რამდენად წარმატებული არიან ის სკოლები, რომლებიც ფიზიკასა და მათემატიკაზე არიან ორიენტირებული და რომლებმაც ინტელექტუალური ელიტა უნდა გაზარდონ და პროგრესი შექმნან,”- აცხადებს ია კუტალაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნეტგაზეთთან საუბარში. 


აქამდე ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებში სპეცსკოლებს მონაწილება არ მიუღია. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუთაისს #44 საჯარო სკოლა იყო ჩართული ერთ-ერთ კვლევაში, თუმცა მაშინ აღნიშნულ სკოლას სპეცსკოლის სტატუსი მოხსნილი ჰქონდა. 


“ამ სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ვნახოთ, საერთაშორისო მასშტაბით, როგორი იქნება შედეგი.”


TIMSS Advanced -ის პილოტირება საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარდება, კვლევის ძირითადი ნაწილი – 2015 წლის მარტში. 


წინა წლებში აღნიშნულ კვლევაში მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთი და რუსეთის ფედერაცია მონაწილეობდნენ.


საქართველოში 2015 წელს დაგეგმილია ასევე სხვა საერთაშორისო [PIRLS, PISA – 2015] კვლევების ჩატარება. მიმდინარე წელს შიდა კვლევა ჩატარდება მე-7 კლასის მოსწავლეებში ბუნებისმეტყველების საფუძვლებში, მომავალ წელს კი – ქიმიასა და ფიზიკაში. 

 

 

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) კვლევაში საქართველო რამდენჯერმე მონაწილეობდა. 

 

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) 9–10 წლის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოში 2006 და 2011 წელს ჩატარდა. თუმცა 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კითხვას – რატომ არის საქართველო (80–მდე ქვეყნიდან) ერთ–ერთ ბოლო ადგილზე საერთაშორისო შეფასებების შედეგებით, თუ განათლების რეფორმამ ქვეყანაში სწავლის ხარისხი გააუმჯობესა – უპასუხა, რომ ის ამ კვლევებს არ ენდობა და დროა, ქვეყანა შიდა კვლევებზე გადავიდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი