ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის განცხადება რუსთავი 2-ის შესახებ

9 ოქტომბერი, 2015 • • 999
აშშ-ის ელჩის განცხადება რუსთავი 2-ის შესახებ

“შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ [უკვე] გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას.

 

ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება”, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელი
იან კელი

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ხალვაშმა მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა. 

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა,  რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა. ტელეკომპანიამ მაყურებლებს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა და საბანკო ანგარიშების მონაცემები გაავრცელა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი