ახალი ამბები

NGO–ები საქართველოში 2016 წლის არჩევნების ჩატარებისთვის არსებულ მდგომარეობას აფასებენ

8 ოქტომბერი, 2015 • 1101
NGO–ები საქართველოში 2016 წლის არჩევნების ჩატარებისთვის არსებულ მდგომარეობას აფასებენ

არასამთავრობოების განცხადებით,  უკანასკნელ წლებში ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა, თუმცა რჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.


საარჩევნო რეფორმა 


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე 14 პოლიტიკურ პარტიასა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის შედგა კონსენსუსი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას წარედგინა ერთიანი ხედვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, ეს მმართველმა კოალიციამ არ გაითვალისწინა.


NGO–ების განცხადებით, ხედვა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებისა და მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერის შემოღების შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემებს და კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია.

 

ასევე, არასამთავრობოების განცხადებით, დაინტერესებული მხარეებისთვის დღემდე არ არის ცნობილი ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, კერძოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება, საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებს შორის დისპროპორციის პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიწვევს ბევრი ოლქის მექანიკურად შეერთებას ან დაყოფას.


“ხელისუფლების მიერ მოცემულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს ღიად, სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით,”– აცხადებენ ისინი. 

 

ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხელისუფლება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.


“აღსანიშნავია, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საკონსტიტციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. შესაბამისად, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლლებები არც 2016 წლის და არც მის შემდგომ გამართული არჩევნებისათვის არ შევიდეს,”– აცხადებენ არასანმთავრობოები.

 

NGO–ების განცხადებით,  ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს 2016 წელს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.


მედია გარემო


არასამთავრობოების განცხადებით, 2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში მოქმედ ოთხ ეროვნულ მაუწყებელში ერთდროულად დაწყებული სხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიაგარემოზე. კერძოდ, მათი განცხადებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების თაობაზე ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებით, ასევე, რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებითა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმის წარმოებით, ჩნდება ეჭვები ყველაზე რეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.

 

მათივე განცხადებით, მდგომარეობას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან და 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა 7 წევრით მუშაობს; ასევე, კანონის დარღვევით წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნები.


ასევე, NGO–ები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება; პროკურატურა საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის შეფასდეს მედიის მდგომარეობა ამ მხრივ. მათივე განცხადებით, იკვეთება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის შესაძლო ფაქტებიც.


“ყოველივე ზემოთქმული საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის,”– აღნიშნულია განცხადებაში

 

3. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება


არასამთავრობოების განცხადებით, მიმდინარე პერიოდში გამართულ არაერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევისა და აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.

 

“ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, აქციის მონაწილეებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ, რამაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა განაპირობა. სამწუხაროდ, კანონის ამგვარ განმარტებას ხელი შეუწყო სასამართლო გადაწყვეტილებებმაც,”–აღნიშნულია განცხადებაში. 


 

სასამართლო


არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში, კერძოდ კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, სხვადასხვა გახმაურებული საქმეების სასამართლოში განხილვის პროცესებმა და ამ საქმეებთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების მიერ სასამართლოს მიმართ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ცხადყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.


“გარდა ამისა, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავს საფრთხეებს ეფექტური სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისა და დამოუკიდებლობისათვის,”–აღნიშნულია განცხადებაში. 

 

სამართალდამცავი ორგანოები


NGO–ების განცხადებით, შსს–სა და პროკურატურის რეფორმის ინიცირებით სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სცადა სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით, თუმცა არსებული ძირეული პრობლემები, რომლებიც ვერ მოგვარდება გატარებული რეფორმებით, სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობას ტოვებს. მათი განცხადებით, ამის ალბათობას კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული ინსტიტუციური პრაქტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი