ახალი ამბები

1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო 5 ლარად შეიძენს

7 ოქტომბერი, 2015 • 1697
1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო 5 ლარად შეიძენს

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია და ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას.

 

სამინისტროს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. მათი ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი, სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან ამპელოგრაფები.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი – 2470101, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. მათი ცნობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე (rtveli2015.gov.ge) შეძლებს.

 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. 2015 წლის რთველის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 12:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებულია 123 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი, 42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. წლევანდელი რთველის ოფიციალური ვებ-გვერდის სტატისტიკით, ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 83 მლნ ლარს გადააჭარბა.

ალექსანდროული — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ფოტო: enoteca.ge
ალექსანდროული — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ფოტო: enoteca.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი