ახალი ამბები

კალაძე: მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება ყაზტრანსგაზისგან

6 ოქტომბერი, 2015 • • 971
კალაძე: მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება ყაზტრანსგაზისგან

“ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების. იყო გარკვეული პრობლემები ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ ეტაპზე არის მოლაპარაკებები და, მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარწგულირდება,” -განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“ყაზტრანსგაზის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 სექტემბერს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ Baker&McKenzie, “ყაზტრანსგაზის” დავალებით, ქართული მხარის მისამართით გაგზავნა წინასაარბიტრაჟო წერილი შეთავაზებით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები საინვესტიციო დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოშობილია კომპანიის მიერ  “ყაზტრანსგაზ თბილისის” საქმიანობისთვის გაწეული ინვესტიციების გამო.

 

კომპანიის ცნობით, “ყაზტრანსგაზ თბილისი” შეიქმნა “ყაზტრანსგაზის” მიერ 2006 წელს იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა “ყაზტრანსგაზსა” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2005 წლის 26 დეკემბერს იმ მიზნით, რომ განეხორციელებინა თბილისის და მიმდებარე რაიონების გაზით მომარაგება.

 

“2006–09 წლებში “ყაზტრანსგაზმა”, ჯამში, დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა “ყაზტრანსგაზი თბილისისა” და ქ. თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემის განვითარებისთვის. “ყაზტრანსგაზ თბილისში” 100%–იანი წილის ფლობის მიუეხადავად, 2009 წლის 16 მარტიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა სპეციალური მმართველის დანიშვნას კომპანიაში “ყაზტრანსგაზ თბილისი”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზის” განცხადებაში.

 

შედეგად, კომპანიის ცნობით, “ყაზტრანსგაზი” ვერ მონაწილეობს თავისი შვილობილი კომპანიის საქმიანობაში. “ყაზტრანსგაზი” მიიჩნევს, რომ ქართული შესაბამისი ორგანოების ასეთი ქმედებების გამო ირღვევა უცხოელი ინვესტორის უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებით ინვესტიციების დაცვის შესახებ.

 

“ყაზტრანსგაზი იმედოვნებს, რომ ქართულ მხარეს ექნება კონსტრუქციული პოზიცია და სწრაფად მოგვარდება დავა წინასაარბიტრაჟო პროცედურის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო დარეგულირება ვერ გადაწყვეტს დავას, “ყაზტრანსგაზი” მიმართავს საინვესტიციო საარბიტრაჟო განხილვას ენერგეტიკული ქარტიისა და ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმების ნორმების შესაბამისად და მოითხოვს “ყაზტრანსგაზ თბილისზე” კომტროლის დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება ჩადებული ინვესტიციების მოცულობით,” – ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი