ახალი ამბები

პრეზიდენტმა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

28 სექტემბერი, 2015 • • 970
პრეზიდენტმა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაცხადდა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე, ასევე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული პროკურატურის მნიშვნელობის შესახებ.

 

უდავოა, რომ პროკურატურის სისტემაში რეალური და სიღრმისეული რეფორმების გატარების აუცილებლობის თაობაზე საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რაც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, არსობრივად მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს ადგენს.

 

პროკურატურის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს პროკურატურის სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებ-ის პირობები.

 

საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც არსებითად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს და მოელის, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი