ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ნიუ–იორკში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

28 სექტემბერი, 2015 • 932
გიორგი მარგველაშვილი ნიუ–იორკში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მათივე ცნობით,  ამერიკაში მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ. პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველო – რუსეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითაზრებაზე ისაუბრა.

 

“რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობა არის რუსეთთან საუბარი. თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რუსული შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ. არც ერთი ეს ომი მართლა არაფრის მომტანი არ არის რუსეთისთვის”– განაცხადა მარგველაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.

 

გიორგი მარგველაშვილი ნიუ–იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 28.09.2015
გიორგი მარგველაშვილი ნიუ–იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 28.09.2015

 

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გამოფენა-გაყიდვა  Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.

 

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები თხუთმეტამდე სენატორთან და კონგრესმენთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან. ასევე, ვაშინგტონში მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და  ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის ცენტრში, ასევე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში.
 
 
 
პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები. გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი