ხელოვნება

“ომის შემდგომი ისტორიები” წარსულის გასააზრებლად – თბილისის ფოტოფესტივალის პირველი დღე

26 სექტემბერი, 2015 • • 1627
“ომის შემდგომი ისტორიები” წარსულის გასააზრებლად – თბილისის ფოტოფესტივალის პირველი დღე

ფოტოგამოფენა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლის იუბილეს ეძღვნება და იმ ადამიანთა ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებმაც ომის სიმძიმე იწვნიეს.

 

ეველდი კონიგსბერგში იზრდებოდა დედ-მამასა და უფროს ძმა ბრუნოსთან ერთად. მამამისი 1939 წელს ომში გაიწვიეს. იგი სახლში ერთი-ორჯერ ჩამოვიდა და შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამიტომაც ეველდს მამა ბუნდოვნად ახსოვს. როცა 1945 წელს კონიგსბერგი საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს, მისი ძმა ფოსტაში მუშაობდა და დააპატიმრეს. ეველდს ძმის შესახებ მას შემდეგ არაფერი სმენია.

 

ევალდი. თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
ევალდი. თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა ‘ომის შემდგომი ისტორიები’/ 25.09.2015

ეველდი დედასთან ერთად ქალაქიდან გაიქცა, მოგვიანებით დაბრუნდა და ნანგრევებად ქცეულ სახლში ცხოვრობდნენ. 1947 წელს დედამ შიმშილობას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო 13 წლის შიმშილობისგან გამოფიტული ეველდი მარტოდმარტო დარჩა. იგი ლიტვაში გადავიდა და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მიაგნო ფერმას, სადაც დარჩენა შეძლო.

 

კლაუდია ჰაინერმანის სერია “მგლის შვილები” იმ ბავშვების შესახებაა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდედმამოდ დარჩნენ. ჰაინერმანის თქმით, მათმა რიცხვმა ათეულ ათასს მიაღწია.

 

1945 წელს, როცა აღმოსავლეთ პრუსია საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, ადგილობრივი მცხოვრებელები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი, დიდი ნაწილი დაუღუპა.

 

მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები საკვების ძებნაში ტყე-ღრე ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ. მათ ხალხმა “მგლის შვილები” დაარქვა. ისინი ლიტვაში გადავიდნენ და სხვადასხვა ოჯახში ცდილობდნენ სარჩო-საბადებლის მოპოვებას. “მგლის შვილებიდან” 2 000 ლიტველმა ოჯახებმა იშვილეს. ეს ოჯახები მიწადმოქმედებას მისდევდნენ და ბავშვები მათ ფერმებში ეხმარებოდნენ.

 

თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა 'ომის შემდგომი ისტორიები'/ 25.09.2015

ისინი მალავდნენ თავიანთ წარმომავლობას, რადგან მათი აყვანისთვის ლიტველებს საბჭოთა ხელისუფლებისგან სასტიკი სასჯელი ელოდათ. ამიტომაც ბავშვები გერმანულად არ ლაპარაკობდნენ და  სახელები შეიცვალეს . როდესაც ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი “მგლის შვილებზე” საუბარი. ლიტვაში დღესაც ცხოვრობს 80-მდე “მგლის შვილი”.

 

“ადამიანებისგან მალულად” მიჰალ ივანოვსკს სერიაა, რომელიც მისი ბაბუისა და ბაბუის ძმის ისტორიაა ასახული. მათ კალუგის სამხედრო ბანაკიდან პოლონეთამდე 2200 კილომეტრი გაიარეს, საკუთარ ოჯახებში რომ დაბრუნებულიყვნენ. ადამიანებს ემალებოდნენ, გადაადგილდებეოდნენ მხოლოდ ღამით და  კენკროვანით, სოკოთი და მოპარული კომბოსტოთი იკმაყოფილებდნენ შიმშილს.

 

თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა ‘ომის შემდგომი ისტორიები’/ 25.09.2015

ხოლო ერთმანეთს იმ ჭრილობების მოშუშებაში ეხმარებოდნენ, რომლებიც მოგზაურობის დროს მიადგათ.  მკაცრ კლიმატურ პირობებში კი მათი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. 1945 წლის ნოემბერში მათი მოგზაურობა დასრულდა ვროცლავში, სადაც ოჯახებს დაუბრუნდნენ.

 

მიჰალ ივანოვსკიმ  ზუსტად იგივე გზა გაიარა, რაც მისმა ბაბუებმა. იმ ადგილებში იღებდა ფოტოებს, სადაც მის წინაპრებს უნდა ემოგზაურათ.

 

“მეც ზუსტად ის ადგილები მოვინახულე, სადაც ოდესღაც ბაბუები დადიოდნენ და ვცდილობდი მათი იქ ყოფნის კვალი აღმომეჩინა. როდესაც ამ ხნის განმავლობაში მარტო დავდიოდი ხეების გარემოცვაში, ლანდშაფტმა მშთანთქა და კარი გამიხსნა წარსულთან შესახვედრად”, იხსენებს მიჰალ ივანოვსკი.

 

თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა ‘ომის შემდგომი ისტორიები’/ 25.09.2015

ივანოვსკის ბაბუის ძმის, ვიტალის დაწერილმა დღიურმა მისცა საშუალება, რომ იგივე გზა გაევლო.

 

ინდრე შერპიტიტე საკუთარ ფოტოებში მეხსიერების, ტრავმისა და დაკარგვის საკითხებს აანალიზებს. იგი არ გაზრდილა ლიტვაში, რამაც საშუალბა მისცა, რომ თავისი ქვეყნის ისტორია უფრო კრიტიკულად შეაფასოს და გაანალიზოს. შეგრძნება, რომ საშობლოში მისი ადგილი აღარ არის, კიდევ უფრო მეტად ეხმარება, რომ წარსულის ფესვები მოიძიოს. თავის ხელოვნებაში ცდილობს, რომ მემკვიდრეობით მიღებული მეხსიერება აღადგინოს და წარსული ხელშესახები გახადოს.

 

მისი ნამუშევრების სერია “ტყის ძმები” უღრანი ტყის ფრაგმენტებს წარმოადგენს, რაც ლიტველი პარტიზანების ბრძოლის მეტაფორად გვევლინება, რომლებიც ოჯახებიდან გამოქცეული ტყეში შოულობდნენ  თავშესაფარს.

თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ გვითხრა, რომ ფესტივალის წლევანდელი გამოშვება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება არა მხოლოდ ამ გამოფენით.

 

ნესტან ნიჟარაძის თქმით, “ომის შემდგომი ისტორიები” კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ გავიხსენოთ, რა გამოიარეს ადამიანებმა და გავიზაროთ წარსული.

 

თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა ‘ომის შემდგომი ისტორიები’/ 25.09.2015

“დღევანდელი გამოფენა არის წარსულის გააზრების, დრამატული მოვლენების გააზრებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება”, – ამბობს ნესტან ნიჟარაძე.

 

თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ომის თემაზე კიდევ ორი გამოფენა გაიმართება- ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009”, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკას შეეხება, და ანტუან დ’აგატას გამოფენა “დაბნელება”.

თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა ‘ომის შემდგომი ისტორიები’/ 25.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი