ახალი ამბები

უცნობი მოძრაობის ისტორია

25 სექტემბერი, 2015 • 2155
უცნობი მოძრაობის ისტორია

 

 

შშმ პირების პირველი მეტ-ნაკლებად შესამჩნევი სამოქალაქო აქტიურობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიის იმპერიაში მიღებულ კანონებს შეგვიძლია დავუკავშიროთ. მაშინ რაიხსტაგში არჩეულმა მემარცხენე დეპუტატებმა პარლამენტის დღის წესრიგში შრომის ახალი ნორმების შემუშავების საკითხი დააყენეს. სამუშაო დღის ხანგრძლივობის, ადეკვატური ხელფასისა და შრომის პირობების გაუმჯობესების გარდა, მეამბოხე პარლამენტარები სამუშაოს შესრულების დროს დაშავებული პირებისათვის საგანგებო პენსიის დანიშვნას ითხოვდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წევრთა გარდა აღნიშნული ინიციატივის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული პროფკავშირელთა მრავალრიცხოვანი მოძრაობაც, რომლის შემადგენლობაში საკუთარი პოზიციების გამყარებას შშმ მუშებიც ცდილობდნენ. საბოლოოდ, მთავრობამ მოთხოვნათა ნაწილი დააკმაყოფილა (მათ შორის სპეციალური პენსიის დანიშვნის ინიციატივა). კეთილდღეობის ელემენტარული, პირველადი სტანდარტის დროებით დაკმაყოფილების შემდეგ ახალი ინიციატივებისათვის ბრძოლის განახლება ფიზიკურად დაზარალებულმა დასაქმებულებმა ვეღარ მოახერხეს.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში ყველა კონტინენტზე განსაკუთრებით გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა, ჩამოყალიბდა ასობით ვეტერანთა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაშავებულთა გამაერთიანებელი მოძრაობა. შშმ პირების მიერ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებისკენ მიმართული საქმიანობა ძირითადად მხოლოდ ამგვარ ორგანიზაციათა მუშაობაში მონაწილეობის მიღებით გამოიხატებოდა.

მეოცე საუკუნის პირველ დეკადებში შშმ პირთა უფლებების დამცველ სამოქალაქო ცენტრებად მშობელთა საინიციატივო ჯგუფებიც მიიჩნეოდნენ, რომლებიც საკუთარი შვილებისათვის სამედიინო დახმარების აღმოჩენის მიზნით საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ და დამატებითი ფინანსების მობილიზებაზე მუშაობდნენ.

1960-იან წლებამდე შშმ პირებს უფრო სერიოზული და გამოკვეთილად საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზნებისათვის ბრძოლის შესაძლებლობა არ მისცემიათ. უკიდურესად უსამართლო, ნაკლებად ხელმისაწვდომი გარემოს გამო, მასობრივი სოციალური დეპრესიების ფონზე ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ მზად დამოუკიდებელ და გავლენიან ძალად ფორმირებისთვის. შშმ პირები მხოლოდ სხვა მოძრაობებში (მუშათა, ვეტერანთა, მშობელთა) ინტეგრაციის ხარჯზე ცდილობდნენ საკუთარი ინტერესების გამოხატვას.
1960-იანი წლებიდან კი უკვე მთელ მსოფლიოს მოედო დაჩაგრულ ჯგუფთა მასობრივი კამპანიები, რომლებიც თავიანთი სამოქალაქო უფლებების დაკანონებისა და სრულყოფილი პოლიტიკური მონაწილეობისათვის იბრძოდნენ. ქალთა და აფროამერიკელთა ემანსიპატორული მოძრაობა შშმ პირთა ნაწილისათვის საყურადღებო მაგალითად იქცა.

თავდაპირველად, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყველა ტიპის შშმ პირების გამაერთიანებელი მოძრაობები (cross-disability focused) გამოჩნდნენ, რომლებიც აქცენტს ერთ მთავარ მოთხოვნაზე სვამდნენ. პერმანენტული საპროტესტო აქციის მონაწილეები გარემოს ადაპტაციის ლოზუნგით გამოდიოდნენ. მათი მტკიცებით, გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდა თავისთავად შეიძლება გამხდარიყო შრომისა და განათლების უფლებათა რეალიზების წინაპირობა. მათი საქმიანობის პირველი შედეგები ათწლეულის დასრულებისთანავე გახდა თვალსაჩინო – აშშ-მ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების საქმეში. გაჩნდა პირველი აქტები და რეზოლუციები, რომლებიც შშმ პირების გადაადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის პრობლემის მოგვარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. პირველი ტალღა განსაკუთრებული ღირებულებითი პრინციპებით არ გამოირჩეოდა. მაშინდელი მოქმედებები მეტწილად მხოლოდ საკანონმდებლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

შშმ პირთა სოციალური მოძრაობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა სამოქალაქო აქტივიზმის ერთგვარმა ფილოსოფიამ, ფორმამ, რომელსაც „Iნდეპენდენტ ლივინგ (IL)“-ს უწოდებენ. მოძრაობის ახალ ეტაპს 60-70 წლების მიჯნაზე საფუძველი ედ რობერტსმა, ბერკლის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ეტლით მოსარგებლე სტუდენტმა ჩაუყარა. მანვე წარმოადგინა ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც შემდგომში მისმა მხარდამჭერმა აქტივისტებმაც გაიზიარეს. რობერტსი ამტკიცებდა, რომ შშმ პირები თავიანთი საქმის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ და მათ თავად უნდა გამოეჩინათ ინდივიდუალური თუ კოლექტიური ინიციატივები საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად. იგი თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევდა საზოგადოების მანკიერი დამოკიდებულების შეცვლას – შშმ პირები უპირველესად აღქმული უნდა ყოფილიყვნენ სრულუფლებიან მოქალაქეებად და არა პაციენტებად, ჯანდაცვის მომსახურებათა მომხმარებლებად. მიუღებელი და დაუშვებელი იყო ადამიანთა თავიანთი იდენტობის მიხედვით გამორჩევა და მათზე არამართლზომიერი მზრუნველობა (პატერნალიზმი). სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების გზაზე კი გადამწყვეტი მნიშვნელობა, გარემოს ადაპტაციასთან ერთად, სოციალ-ეკონომიკური უფლებების (შრომა და განათლება) რეალიზების საკითხსაც ენიჭებოდა.
IL-მოძრაობა ინტენსიურად მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციებში. მოძრაობის აქტივისტები ხშირად იყვნენ მრავალრიცხვოვანი გამოსვლების ორგანიზატორები. მათი მრავალწლიანი საქმიანობა ორი კონკრეტული შედეგით დასრულდა: 1) 1990 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო მაშინდელი ეპოქისათვის მეტ-ნაკლებად პროგრესული დოკუმენტი Americans With Disabilities Act. კეთილდღეობის შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად მსგავსი ტიპის კანონები მიიღეს ევროპაშიც. 2) მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფუძნდა ედ რობერტსის მიერ შექმნილი „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ანალოგიური თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციას ასრულებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ გერმანიაში დაფუძნდა. მისი წევრები მხოლოდ შშმ პირები იყვნენ. მათ დააფუძნეს თავიანთი გაზეთი, აწყობდნენ მასობრივ მსვლელობებს თავიანთი ეტლებით, ბლოკავდნენ ქუჩებს, საპროტესტო მოწოდებებით გამოდიოდნენ სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებაზე.

როგორია შშმ პირთა სოციალური მოძრაობა დღეს ?

განვითარებულ სამყაროში მდგომარეობა წარსულთან შედარებით დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში თავად მთავრობები ბევრს ცდილობენ გარემოს სრულყოფილად ადაპტირებისათვის, შრომისა და განათლების უფლებების დაცვისათვის. 2006 წელს უკვე თავად გაერომ მიიღო “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია”, რომელსაც ათობით სახელმწიფო (მათ შორის საქართველოც) შეუერთდა. თუმცა ცხადია, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. შშმ პირთა ემანსიპაციის მისაღწევად უკვე ახალი გამოწვევებია დასაძლევი. დამკვირვებელთა აზრით, მოძრაობის ახალი ეტაპის მთავარი მახასიათებელი მისი აკადემიურ სივრცეში გადანაცვლება გახლავთ. სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებში მასობრივად ეყრება საფუძველი ახალ კვლევით მიმდინარეობებს, რომელთაც „Disability Studies“ უწოდებენ.

სოციალური მოძრაობის კიდევ ერთ თანამედროვე მახასიათებელს კი საქართველოს მსგავსი ქვეყნები განსაზღვრავენ, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საკანონმდებლო ბაზის, გარემოს ადაპტაციის, შშმ პირთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მონაწილეობის მეოცე საუკუნის დროინდელი უმწვავესი პრობლემები.

 

სტატია მომზადდა პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი