ახალი ამბები

თავისუფალი სასამართლო უკონტროლოს არ ნიშნავს – წულუკიანის განმარტებები რეფორმის მე-4 ტალღაზე

24 სექტემბერი, 2015 • • 1067
თავისუფალი სასამართლო უკონტროლოს არ ნიშნავს – წულუკიანის განმარტებები რეფორმის მე-4 ტალღაზე

კერძოდ, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ეხება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას და თანმდევ საქართველოს კანონპროექტებში ცვლილებებს.

 

“წარმოდგენილი ცვლილებები გულისხმობს მოსამართლეების უფრო მეტად ჩართულობას სასამართლო სისტემის ადმინისტრირების პროცესში, რათა არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთათვის მიუღებელი კანდიდატურების სასამართლოს თავჯდომარეებად დანიშვნა.

 

იცვლება საქმეთა განაწილების წესი და შემოდის საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი. კანონპროექტის მიხედვით რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოთა თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საქმეთა განაწილების ფუნქცია, რაც გამორიცხავს მათ მხრიდან ნებისმიერი სახის თვითნებობას. მნიშვნელოვანია შიდა თვითორგანიზების პრინციპები სადისციპლინო საბჭოს, ასევე მასამართლეთა არჩევის ახალი კრიტერიუმები, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ”, – განაცხადა სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა კომიტეტში.

 

”თავიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აზრები გაიყო. ერთი ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ ე.წ. გირგვლიანის მოსამართლეები, მიშას მოსამართლეები, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ ან ჩაგვესვსა ციხეში. მეორე ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის, რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლო რეფორმას ატარებდა და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა შემდეგში გაგრძელდა და ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მოყვა არაერთი მოსამართლე, რომელიც არ უნდა მოყოლილიყო და ამის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ამჟამინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც, გვახსოვს, ეს ვითომ რეფორმატორები როგორ მოექცნენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

მისივე თქმით, ის მიესალმება რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც გადაწყვიტა, ირაკლი ადეიშვილისათვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება.

 

“ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა წარმოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს და ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად გამოიჭრა ყელი შემთხვევით. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ.

 

მათ შორის გირგვლიანის მოსამართლეებს პირდებოდნენ, რომ როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, ისინი გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ამჟამინდელი რეფორმის თანახმად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ოდენობა დაადგინოს კანონმა.

 

“დღემდე არავინ ეკითხებოდა კანონმდებელს, რამდენი მოსამართლე უნდა ჰყოლოდა უზენაეს სასამართლოში ჩვენს ქვეყანას. შეიკრიბებოდა პატარა ჯგუფი კუბლაშვილის მეთაურობით და გადაწყვეტდნენ, რომ მოდი, დღეს იყო 14 და ხვალ იყოს 13, ამჟამად, თუ არ ვცდები გვყავს 16.

 

ჩვენ მივეცით საზოგადოებას კრიტიკოსის ფუნქცია და ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო ხელშეუხებელია და მისი კრიტიკა არ შეიძლება და საზოგადოების კონტროლიდან უნდა იყოს გასული. თავისუფალი სასამართლო უკონტროლო სასამართლოს არ ნიშნავს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, რეფორმის პირველი ტალღა ითვალისწინებდა სისტემის დეპოლიტიზაციას; მეორე ტალღა – მოსამართლეების შეფასების სისტემის კრიტერიუმების შემოტანას კანონით (სანამ მუდმივად დაინიშნება მოსამართლე, ის ფასდება სამწლიანი მუშაობის მიხედვით); მესამე ტალღა მოიცავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტს, რომელიც დაამტკიცა უკვე პარლამენტმა.


ამჟამად კი პარლამენტი რეფორმის მეოთხე ტალღას განიხილავს. თეა წულუკიანმა ამ ტალღის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები ასე წარმოადგინა:


1. კანონით დადგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა; 2. უზენაესი სასამართლოს პლენუმში აღარ შევლენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები; 3. პლენუმის სხდომები იყოს საჯარო; 4. საქართველოში რაიონულ და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თვითონ სასამართლოების წევრები აირჩევენ თავმჯდომარეებს გარკვეული ვადით; 5. საქმეები განაწილდეს სასამართლოში ბრმად, ელექტრონული სისტემით; 6. მოსამართლე, რომელიც მივლინებაში მიდის, უნდა იყოს თანახმა და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იგი მივლინებული იყოს თანხმობის გარეშე. მივლინების აუცილებლობა უნდა დადასტურდეს კანონით გაწერილი კრიტერიუმებით; 7. სასამართლოს თავმჯდომარე ვეღარ აღძრავს დისციპლინურ საქმისწარმოებას მისი მოსამართლის მიმართ და დისციპლინური დევნის წარმოების უფლება ექნება მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. კერძოდ, საბჭოში არსებული ინსპექტორი შეისწავლის საკითხს დეტალურად; 8. სასამართლოს თავმჯდომარეები აღარ იქნებიან არამოსამართლეები, რომლებიც არ იხილავენ საქმეებს; 9. სასამართლოს მენეჯერს გადაეცემა ადმინისტრაციული საქმიანობის უფლებამოსილება და ამაზე პასუხისმგებელი აღარ იქნება სასამართლოს თავმჯდომარე; 10. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაინერგება საღამოს სწავლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი