ახალი ამბები

უსუფაშვილი უშიშროების საბჭოზე პრემიერის არდასწრებაზე: ჯობს ვიყოთ ხოლმე ყველანი

23 სექტემბერი, 2015 • • 1243
უსუფაშვილი უშიშროების საბჭოზე პრემიერის არდასწრებაზე: ჯობს ვიყოთ ხოლმე ყველანი

ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრეზინდეტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ – მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ. 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები – საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტი სამხედრო საფრთხეების ნაწილში.

 

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ და მხარი დავუჭირეთ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას. ვთხოვეთ უშიშროების საბჭოს მდივანს ამ მხარდაჭერის გაფორმების უზრუნველყოფა და პარლამენტისათვის ამ გადაწყვეტილების მიწოდება. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც გამოვლენილია ერთობლივი მუშაობის შედეგად და განვიხილეთ მათზე საპასუხო ქმედებების სპექტრი. დავთქვით უახლოეს მომავალში ხელახალი შეხვედრა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.

 

„ამ საკითხების განსახილველად ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. სულ ახლახან ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი და მასში კიდევ უფრო მეტი წევრი შევიყვანეთ. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს და ამდენად, ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისათვის ძალინ მნიშვნელოვანი საქმეა“, – განაცხადა მარგველაშვილმა


გიორგი მარგველაშვილი; დავით უსუფაშვილი
გიორგი მარგველაშვილი; დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი